ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება დღეს, 24 ივლისს დაიწყო. პროგრამას პარტნიორობას თურქეთისა და ისრაელის კლინიკები უწევენ. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს.
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18 წლამდე პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი.
საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში სამედიცინო სერვისის სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.