“სანამ საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, არ გააცნობიერებს და ბოლომდე არ გაითავისებს, რომ ეს მისი ქვეყანაა, მისი სამშობლო და რომ, სწორედ მან უნდა მართოს და გადაწყვიტოს საკუთარი სამშობლოს ბედი, მანამდე ვიბუქსავებთ გაუთავებლად. ეს უნდა გამოვლინდეს ყოველ დღე, სიყვარული და ზრუნვა უნდა იყოს ჭეშმარიტი. თუ გვექნება მხოლოდ მთავრობაში მყოფი ერთი ან ორი ადამიანის იმედი, რომ ისინი დაალაგებენ, – ანდა თუ ვიფიქრებთ, რომ რომელიმე ორი ადამიანი არ იქნება და მერე გეშველება – არაფერი გვეშველება.
თუ მთავრობა არ იქნება სწორედ ასეთი ხალხისგან შედგენილი, ვისაც მართლა უყვარს ხალხი, სახელმწიფო ვერ აშენდება. თუ ასეთები ცოტანი ვართ, მაშინ ჩათვალეთ, რომ განწირულნი ვართ დიდი ხნით. სამშობლოზე უნდა ზრუნავდეს ნებისმიერი უმცირესობის წევრი, თუ შეუძლია, რასაკვირველია, და მერე დაიწყება უკუ პროცესიც. და არა პირიქით, რომ თავში იყვნენ ადამიანები, ვისაც ვაიძულებთ, რომ უმცირესობებზე იზრუნონ. ძალით და კანონებით, ვერავის ვერაფერს შეაყვარებ.
ამ წუთას უმცირესობების, ნაციონალური მოძრაობის, ელგებეტესა და ევროპის კოზირებად გამოყენება არასწორია. ეს ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. ხალხმა უნდა დაინახოს ეკონომიკური სიდუხჭირე, დაუცველობა და გულგრილობა. რევოლუციები სექსის შეზღუდვისა და რომელიმე კავშირებში ვერ შესვლის გამო არ ხდება. საიდან უნდა მოვიყვანოთ ასეთი ადამიანები ქვეყანაში, უმრავლესობაში, რომ სხვა ადამიანზე და ქვეყანაზე ზრუნავდეს? ეს არის მთავარი ამოცანა.
მერე დალაგდება „თავისით“. ის ახალი ადამიანი მიხვდება, რომ შუაღამის საათებში მაყუჩმოხსნილი ავტომობილით არ უნდა იაროს. დღეს ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეა. სწორედ იმ ათწლეულების წინ ერთნაირად მოაზროვნე, არამოძალადე, ასეული მილიონობით ადამიანმა, მოიშორა იმპერიალისტი მტერი. ამიტომ დინამომ მოიგოს და გორის დილამ მოიგოს და ძიუდოისტებმა მოიგონ, მაგაზე კი არ უნდა ილოცოთ (ეგ მერე), საქართველოში ადამიანი რომ გამოსწორდეს მაგაზე ილოცეთ პირველ რიგში რა. იქნებ გაგვიმართლოს და ერი შევიცვალოთ.” წერს სოციალურ ქსელში მწერალი, ალეკო შუღლაძე.