ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის ტერიტორია აუქციონზე იყიდება. ამ საკითხის შესახებ იყო დღეს მსჯელობა ჩოხატაურის საკრებულოშიც. სკვერის ადგილას საქართველოს ბანკის ფილიალის აშენება იგეგმება.
საკითხი სხდომაზე ვალერი ყაჭეიშვილმა წარადგინა, რასაც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების პროტესტი მოჰყვა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში პოსტი გავრცელა საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ბაჩო ახალაძემ.
“ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ჩოხატურის და ჩოხატაურელების წინააღმდეგაა მიმართული.
დღეს საკრებულოს სხდომაზე მერიამ წარმოადგინა შემდეგი საკითხი:
“ჩოხატაურში დუმბაძის ქუჩაზე მდებარე 290.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნ. დუმბაძის სახელობის პარკი) (ს/კ – 28.01.21.718) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიის სტატუსის დაკარგვისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების 2023 წლის დამატებითი ნუსხისა და დამატებითი პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ”.
რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული სკვერის ტერიტორია უნდა გაიყიდოს, სავარაუდოდ, კერძო პირზე, რომელიც ააშენებს კომერციულ ფართს, სადაც განთავსდება საქართველოს ბანკი. არ მოგესმათ, უნდა გაიყიდოს ჩოხატურში ერთადერთი დასასვენებელი სკვერი, რომელიც ასე ამშვენებს ჩოხატაურს…
აღნიშნულ ტერიტორიას მუნიციპალიტეტი ჰყიდის 15 335 ლარად… ანუ რაიონის ცენტრში 1კვ/მ მიწას 53 ლარად, მაშინ, როდესაც რაიონში არაერთი თავისუფალი ადგილია ბანკის განთავსებისათვის. თუმცა, აქ ბანკი მხოლოდ მიზეზია, “ოცნებასთან”, სავარაუდოდ, დაახლოებული ბიზნესმენის “გასაპრავებლად”.
რა თქმა უნდა, ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ”, _ დაწერა ახალაძემ.
როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ განუცხადა, “საქართველოს ბანკთან” შეთანხმება უკვე მიღწეულია და ბანკის აშენებით პარკის ტერიტორიას საფრთხე არ შეექმნება.
“გადავწყვიტეთ, რომ ჩოხატაურში, სადაც არ არის საქართველოს ბანკი, შემოგვეყვანა. შეთანხმება უკვე გაკეთებულია. სამხარაულის ექსპერტიზამ ტერიტორია შეაფასა 15 000 ლარად და ამ ფასად გავიტანთ აუქციონზე. პარკში არ მოიჭრება არც ხე, არც სკამი და ან ბილიკი არ გაუქმდება. 295 კვადრატი არის მიწის ნაკვეთი, კოეფიციენტების მიხედვით, გორაზე აიღებენ მშენებლობის უფლებას და ჩადგამენ ბანკის შენობას მსუბუქი კონსტრუქციით ოთხივე მხრიდან პანორამაში.
“საქართველოს ბანკმა” მოგვთხოვა სოციალური პროექტის გაკეთება და ჩვენ შევთავაზეთ, რომ რამე ღირებული გაეკეთებინა ჩოხატაურისთვის და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სოციალური პროექტის ღირებულების 120 000 ლარს ჩაგვირიცხავენ ერთჯერადად. ამ თანხით ვფიქრობთ, რომ როდესაც დასრულდება ცენტრის რეაბილიტაცია, ნოდარ დუმბაძის პარკის შესასვლელში დავაყენოთ დიდი მონიტორი, როგორიცაა, მაგალითად, თბილისში, სხვადასხვა რეკლამები, სადაც არის განთავსებული და ეს პლიუს, შემოსავალს მოგვიტანს.
გარდა ამისა, ამჟამად ჩვენი საბიუჯეტო თანხები არის ლიბერთი ბანკში განთავსებული და “საქართველოს ბანკში” გადატანის შემთხვევაში, მაღალი საპროცენტო განაკვეთით ვისარგებლებთ”,_ გვითხრა შარაშიძემ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, “საქართველოს ბანკის” ფილიალი ჩოხატაურში ახალ წლამდე უნდა გაიხსნას.
ავტორი