“გურია ნიუსის” სტატიას _ “რატომ იყიდება ნოდარ დუმბაძის სკვერის ტერიტორია და რა იგეგმება ჩოხატაურში”, პარტია “საქართველოსთვის” 2021 წლის არჩევნებში მერობის კანდიდატი პაატა ბერიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბერიშვილის კითხვის ადრესატი ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძეა.
ბერიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
_ ,,გურია ნიუსში” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებას გავეცანი. არ წამიკითხავს საწინააღმდეგო განცხადება ინფორმაციის უზუსტობასთან დაკავშირებით. ამიტომ რამდენიმე კითხვას, მის განცხადებაზე და ბოლოს რჩევას, მასთან ერთად თქვენც გაგიზიარებთ.
მერის განცხადება :
გადავწყვიტეთ, რომ ჩოხატაურში, სადაც არ არის საქართველოს ბანკი, შემოგვეყვანა. შეთანხმება უკვე გაკეთებულია. სამხარაულის ექსპერტიზამ ტერიტორია შეაფასა 15 000 ლარად და ამ ფასად გავიტანთ აუქციონზე. პარკში არ მოიჭრება არც ხე, არც სკამი და ან ბილიკი არ გაუქმდება. 295 კვადრატი არის მიწის ნაკვეთი, კოეფიციენტების მიხედვით, გორაზე აიღებენ მშენებლობის უფლებას და ჩადგამენ ბანკის შენობას მსუბუქი კონსტრუქციით, ოთხივე მხრიდან პანორამაში.
ჯერ განვმარტავ!
აუქციონი — ქონების საჯარო გაყიდვის პროცესი. გაყიდვის ობიექტს იძენს პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს სთავაზობს გამყიდველს.
დიახ ვეკითხები მერს.
ბატონო მერო, ამბობთ რომ პარკში ჩადგამენ ბანკის შენობას, რა ინფორმაციას ფლობთ ან რა წყაროზე დაყრდნობით გვეუბნებით, რომ საჯარო გაყიდვის დროს აუქციონის გამარჯვებული იქნება საქართველოს ბანკი?
საიდან გასცემთ დაპირებას ან რა გარანტიები გაქვთ?
შეგახსენებთ აუქციონის საწყისი ფასი, სავარაუდოდ, ბევრისთვის იქნება მიმზიდველი, მათ შორის, არა ადგილობრივისთვის ( მსგავსი მაგალითი გაქვთ ) ხომ არ ტოვებს თქვენი განცხადება იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ფარულ გარიგებებს აქვს ადგილი?
ხომ არ გიფიქრიათ რომ ასეთი განცხადება თქვენგან მინიმუმ უფლებამოსილების გადამეტებაა?
რჩევა:
რაც შეეხება სოციალურ პროექტს: ის პირობა შეასრულეთ, ყველა წელს რომ ჰპირდები ცისფერი ეკრანიდან (ვიდეო მასალითაც შემიძლია გაგახსენო), წელს, უფრო მომატებულ სოციალურად დაუცველებს უფასო სასადილოს გაგიხსნითო. მაგისთვის გამოიყენეთ ეგ 120 000 ლარი. ტელევიზორს დიდ ეკრანზე სახლში უცქირეთ. _ წერს ბერიშვილი.
ყოფილ ოპონენტს ჩოხატაურის მერი იქვე პასუხობს:
“მოგესალმები, პაატა. შენ წლების განმავლობაში საჯარო მოხელე იყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი საკითხები არ გისწავლია, ან მეორეც შეიძლება იფიქრო _ რომ მიწების საკუთრებაში დარეგისტრირებით იყავი დაკავებული. მერია საჯარო აუქციონს გამოაცხადებს კონკრეტული პირობით. შენ პირობიანი აუქციონი არ გაგიგია??? ძალიან მოუხდება იმ ადგილს ახალი თანამედროვე სტანდარტების მსუბუქი კონსტრუქციის საქართველოს ბანკი, რომელიც მოემსახურება ჩოხატაურელებს და ამასთანავე, გაალამაზებს ტერიტორიას. არანაირი ხის მოჭრა, პარკის გაუქმება და ა.შ არ იგეგმება და საზოგადოება შეცდომაში ნუ შეგყავთ.
ჩემო პაატა, ფარული გარიგებები და სხვა რაღაცები შენკენ მოიკითხე, სულ მალე ძალიან ლამაზი მოწესრიგებული და გალამაზებული ჩოხატაური გვექნება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, _ პასუხობს პაატა ბერიშვილს დავით შარაშიძე.