“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელის“ გუნდი მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში, შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
“ბერმელმა” სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ფონდში 10 000 ლარი გადარიცხა. “ძალიან გვტკივა, წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდა ჩვენს ქვეყანას თავს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გვსურს მხარში დავუდგეთ დაზარალებულებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში. კორპორაციული და ადამიანური პასუხისმგებლობაა საქართველოს გვერდში დგომა ასეთ მძიმე ვითარებაში”, – აცხადებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელის“ დირექტორი ქალბატონი ეთერ ბერიძე. „ვიმედოვნებთ, ჩვენს წვლილს შევიტანთ სტიქიით დაზარალებულ პირთა და მათი ოჯახების დახმარებაში. აღნიშნული დონაცია ხაზს უსვამს კერძო სექტორისა და ორგანიზაციების ერთიანობის მნიშვნელობას ქვეყნისათვის ასეთ მძიმე დღეებში“ – აღნიშნავს ეთერ ბერიძე. სტიქიური უბედურება რაჭაში 3 აგვისტოს დატრიალდა. მეხანძრე-მაშველებმა 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ამ დრომდე ეძებენ 2 ადამიანის ცხედარს. ინფორმაციისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ 20 წლისაა. ამ დროის განმავლობაში, ორგანიზაცია ძირითადად ქართული კაპიტალით საქმიანობს. „ბერმელი“ დაარსების დღიდან, ასი ათასობით ადამიანს მოემსახურა და არაერთი სოციალური აქტივობა განახორციელა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved