ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც „არღვევს კონსტიტუციას“.
მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებს და როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, “არავისთან ხვეწნას არ აპირებენ”.
„როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტს ოპოზიცია გადაეფარა” – თქვა მან.
მისი თქმით, მმართველ პარტიაში იციან, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი არ მოჰყვება, რადგან ოპონენტების რეაქციები ცნობილია.
„იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა – ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა – ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას – „იქნებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარი დაგვიჭიროთ“. ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას. სამწუხაროა, ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი. “ქართული ოცნებისთვის” პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეპუტაციულად დაზიანებულია“, – განაცხადა მდინარაძემ.