შოვის ტრაგედიიდან ერთი თვე გავიდა. ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას თუ რა ვითარებაა ამ ეტაპზე შოვში.
,,შოვი, რა ვიცით ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე, 4 სექტემბრისთვის (კითხვა-პასუხი)
რამდენი ცხედარია ნაპოვნი, რამდენია ამოცნობილი?
31 ნაპოვნი ცხედრიდან 31-ვე იდენტიფიცირებულია (სია ბოლოს);
რამდენ ადამიანს ეძებენ?
ორ დაკარგულს ეძებენ, ორივე ბავშვია, ორივე ზაზა მესხის ოჯახიდანაა.
სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია?
არა, სამძებრო სამუშაოები გრძელდება და გაგრძელდება, სანამ ცხედრების პოვნის მცირე შანსიც კი არსებობს.
სად ეძებენ? როგორ?
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში, ასევე გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს (24 აგვისტოს) ცხედრები ეპიცენტრიდან 60 კმ-ის მოშორებით იპოვეს. ეძებენ მაშველები, თავდაცვის ძალები, ძებნაში ჩართული არიან მცურავი საშუალებები და კინოლოგები.
რა მოხდება, თუ ბავშვები ვერ იპოვეს?
იმ შემთხვევაში, თუ ძებნის გონივრული ვადის გასვლის შემდეგაც კი, ბავშვები ვერ იპოვეს, ორი ადამიანი გამოცხადდება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ანუ, გვეყოლება 31 ნაპოვნი და ამოცნობილი ცხედარი, + ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვი…
მსხვერპლთა შორის მხოლოდ ისინი არიან, ვინც 3 აგვისტოს ღვარცოფულ ზონაში მოჰყვნენ?
სამწუხაროდ, არა: შოვში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს), 7 აგვისტოს, გულის შეტევით გარდაიცვალა გამომძიებელი მირიან ჭელიძე, ხოლო 29 აგვისტოს, ასევე გულის შეტევით გარდაიცვალა თავდაცვის სამინისტროს უფროსი ინსტრუქტორი, მაიორი, აფხაზეთიდან დევნილი, სამი შვილის მამა თემურ ხარჩილავა (იმყოფებოდა ძებნის არეალში), რომელსაც სამშაბათს, 5 სექტემბერს დაკრძალავენ.
რას ამბობენ დაღუპული სამართალდამცველისა და სამხედროს ოჯახის წევრები, მეგობრები, თვითმხილველები?
მირიან ჭელიძის ოჯახის წევრებს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ, თვითმხილველები კი ამბობენ, რომ გამომძიებელი შოვიდან ონის საავადმყოფოში, გულის სავარაუდო შეტევის შემდეგ გადაჰყავდათ და გზაში გარდაიცვალა.
29 აგვისტოს დაღუპული თემურ ხარჩილავას ოჯახში მხოლოდ ის იციან, რომ მას სწორედ იმ დღეს უმთავრდებოდა ათდღიანი როტაციის ვადა და შინ უნდა დაბრუნებულიყო, მისი მეგობრები კი ამბობენ, რომ ყველაფერი წამებში მოხდა: თემურ ხარჩილავამ დილით მეწყვილეს უთხრა, რომ ცუდად გრძნობდა თავს და მდინარის პირზე ჩაყოლა სთხოვა, იქ კი სახეზე წყალი შეისხა და გონება დაკარგა. თვითმხილველთა თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10 წუთში მოვიდა, მაგრამ სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იყო. ოჯახი გარდაცვალების მიზეზის საბოლოო პასუხისთვის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელსაც მინიმუმ, 1,5 თვე დასჭირდება.
გულწრფელი სამძიმარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს – ნაპოვნი და ამოცნობილი ცხედრების სია:
1.გიორგი გოგინაშვილი
2.გიორგი ყარალაშვილი
3.სოფო ყარალაშვილი.
4.დავით ბერიაშვილი
5.გენადი სულთანიშვილი
6.მეგი გუტაშვილი
7.გიგი გუტაშვილი
8.მარინე ხორბალაძე
9.ნატო ჭელიძე
10.ლუკა დუდაშვილი
11. ანდრია დუდაშვილი
12.შორენა ბიჭაშვილი
13.მარიამ მაისურაძე
14.ქეთევან ლობჟანიძე
15.სამირა ისაევა
16.ნინი კენჭაძე
17.ალინა პოლიკოვსკა
18.ზაზა მესხი
19.ზაზა მესხის უფროსი შილი
20.ქსენია ტრიჩევა
21.სოფო ბაკურაძე
22.მანანა ჯაჭვაძე
23.თემურ ჩარკვიანი
24. დიტო ფირცხალავა
25.ნიკა ჩალაძე
26.სალომე ხეთაგური
27.კოტე მაისურაძე
28.ლევან რაზმაძე
29.ანასტასია დუდაშვილი
30. გვანცა ბუბაშვილი
31. გიორგი ხორბალაძე.” – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.