ჩოხატაურელი ამაგდარი მასწავლებელი, ზიმაზი აცანელიძე გარდაიცვალა.
გამოსათხოვარი წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ეთერ წილოსანმა.
“დავიწყეთ სასწავლო წელი, ახმაურდა ჩვენი სკოლის ეზო, კიდევ ერთხელ შეაზანზარა მოსწავლეთა ჟრიამულმა ბებერი სკოლის კედლები, მაგრამ ზიმაზი მასწავლებლის ზარი არ შემოსულა და ჩვეული სითბოთი არ მოულოცია ახალი სასწავლო წლის დაწყება, ცუდად იგრძნო გულმა, საოცრად დამაკლდა, ამ დილით კი გარდაცვალება შევიტყვე.
კიდევ ერთი ღირსეული, დამსახურებული პედაგოგი გამოაკლდა ჩვენს პედაგოგიურ საზოგადოებას, გამორჩეული თავისი პიროვნული თვისებებით, უზომოდ თბილი და მოსიყვარულე, კარგი კოლეგა და მეგობარი, მოსწავლეთა გულთამპყრობელი. წავიდა პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, ნაღვაწით დამშვენებული, არაჩვეულებრივი შვილების და შვილიშვილების აღმზრდელი. წავიდა ჩვენგან უკეთილშობილესი, სიკეთის და სიყვარულის მთესველი დიდებული ქალბატონი. უფალმა გაანათლოს თქვენი კეთილი სული, ჩემო უფროსო მეგობარო, ჩემო ზიმაზი მასწავლებელო, მომენატრება თქვენი რჩევა-დარიგებები, თქვენთან საუბარი”, _ წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის ეთერ წილოსანი.