ფიფიას წლებია ვიცნობ, რაღაცაზე უნდოდა შეხვედრა – ბიზნესზე, 15 წლის წინ ნავთობგადაზიდვებში იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა ნაცნობობა აკავშირებს და რა მიზნებისთვის იმყოფებოდა მასთან პარლამენტში რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი მამუკა ფიფია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვის გარემოცვის წევრია.
როგორც ჩიგოგიძე ამბობს, საშვი ბიზნესმენისთვის თავად დაუშვა, თუმცა, მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა, ხოლო ფიფიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომელშიც ის ჩიგოგიძის სამუშაო კაბინეტში, დეპუტატის სკამზე ზის, უმრავლესობის წევრმა აღნიშნა: „შეიძლება უნდა პარლამენტის წევრი გახდეს ან უხარია სურათის გადაღება. არ ვიცი, რას ემსახურებოდა ფოტოების გადაღება და გამოქვეყნება“.
„მამუკა ფიფიას წლებია ვიცნობ, მაგრამ დიდი ხანი ნანახი არ მყავდა, ბოლო წლებში ორჯერ იყო ჩამოსული და შეხვედრა ვერ მოვახერხე და მთხოვა შეხვედრა. დაემთხვა, რომ სესია იყო, კენჭისყრები გვქონდა და მაგ დროს იყო მოსული, თანაშემწეს ვთხოვე, საშვი დაეშვა, ავიდა ჩემს ოთახში ჩვეულებრივად. მე ფიზიკურად ვერ მოვახერხე ასვლა ერთი საათი. გავიგე, სურათი გადაუღია, ჩემს სკამზე დამჯდარა, შეიძლება უნდა პარლამენტის წევრი გახდეს ან უხარია სურათის გადაღება. არ ვიცი, განცვიფრებული ვარ, რას ემსახურება ეს.
მე შევხვდი დაბლა, ვთხოვე სესიაზე ავალ და დამიცადე-მეთქი, რაიმე თემაზე საუბარი ვერ მოვახერხეთ. რაღაცაზე უნდოდა შეხვედრა, ბიზნესზე. არ უთქვამს არაფერი, გაგრძელდა სესია და ვერ მოვახერხე საუბარი. ვიცი, რომ ბიზნესმენი ბიჭია, 15 წლის წინ ნავთობგადაზიდვებში იყო, როცა მქონდა შეხება“, – განაცხადა ჩიგოგიძემ.
კითხვაზე: დარბაზის ფოტო, რომელიც ფიფიამ გამოაქვეყნა, მისი გადაღებულია თუ არა, ჩიგოგიძე პასუხობს – „ახალი გადაღებული არ არის. დიდი ხნის წინ გადაღებულია და აღებული აქვს, რაში სჭირდებოდა, არ ვიცი“.
“ინტერპრესნიუსი”