გუშინ, ფაბიო და პაოლო კანავაროების ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, რუდი გარსიამ გუნდზე კონტროლი დაკარგა და ის აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ.
„ამ მომენტში „ნაპოლიში“ დიდი არეულობაა. კვარას შემდეგ ოსიმენის რეაქცია ერთ ფაქტს ცხადყოფს, გუნდმა მწვრთნელის დელეგიტიმაცია მოახდინა, რომელიც სიტუაციას ვეღარ აკონტროლებს. დელიკატური მომენტია. დარწმუნებული ვარ, რომ გარსია ახლავე უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ ვინ უნდა შეცვალოს? ბევრი ვარიანტი არ არის. ერთი ნამდვილად არის ფაქტი: წელს მიზანი არა სკუდეტო, არამედ ჩემპიონთა ლიგის ზონაში, ოთხეულში მოხვედრაა“ , – განაცხადა ენრიკო ფედელემ.
„ნაპოლი“ „სერია A“-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.
„Gazzetta Dello Sport“ კი ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციას გამოეხმაურა, რომელიც მას „ბოლონიასთან“ შეცვლის შემდეგ ჰქონდა.
„ქართველი სათადარიგო სკამების საპირისპირო მხრიდან ტოვებს მოედანს და თვალისმომჭრელი ჟესტები არ გაუკეთებია, როგორც ეს მოხდა გენუაში მატჩში, მაგრამ დისკომფორტი რჩება და შესამჩნევია მოთამაშის პოზიცია, რომელიც ნელი ნაბიჯებით მიდის სკამისკენ და ჩერდება 8 ათასი ნეაპოლელის აპლოდისმენტებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც გუნდს მხარს დიდი ენთუზიაზმით უჭერდნენ“, – დაწერა გამოცემამ.
„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „ბოლონიასთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.
„ნამდვილად არ ვართ შედეგით კმაყოფილი, არ არის საუკეთესო განწყობა, რადგან მოგება გვინდოდა, მაგრამ დაუყოვნებლივ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ცოტა ხანში გვაქვს. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენთვის საქმეები კარგად არ მიდის და ზოგის რეაქცია არ არის კარგი, ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, რომ ეს დამოკიდებულებები თავიდან ავიცილოთ. ვისაუბრებთ ერთმანეთთან, რათა ამ მდგომარეობის გაუმჯობესებას შევეცადოთ. ეს არის ახალი სეზონი, ახალი კურსი ახალი მწვრთნელით, მაგრამ გუნდი ერთიანია და ვიმუშავებთ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად.
რამდენად აკლია კვარას გოლი? გოლი აკლია, მაგრამ სუპერკონცენტრირებულია. დამწუხრებულია, როგორც მე და ყველა. როდესაც გუნდი ვერ იმარჯვებს, არ ვართ ბედნიერები, უნდა ვიმუშაოთ“, – თქვა დი ლორენცომ.
რუდი გარსიას „ნაპოლიში“ პრობლემები აქვს, არა მარტო შედეგის მხრივ, არამედ ფეხბურთელებთანაც. ფრანგმა სპეციალისტმა „ბოლონიასთან“ ვიქტორ ოსიმენი შეცვალა, რომელსაც ამ გადაწყვეტილებაზე უარყოფითი რეაქცია, რაც არ დაუმალავს.
იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო კარესამ განაცხადა, რომ ნიგერიელმა გარსიას ბოდიში საჯაროდ უნდა მოუხადოს.
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ბოლონიასთან“ უგოლო მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ხარისხიანი სათადარიგო სკამზეც გვყავს, აქცენტს მხოლოდ მათზე არ ვაკეთებთ, ვინც ძირითადშია. წინ ბევრი თამაში გველოდება და ამიტომ არ შემიძლია, მთელი გუნდი არ გამოვიყენო.
ბედნიერი ვარ კვარას გამო, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ შესვენებაზე მითხრა, რომ კუნთების პრობლემა ჰქონდა, ამიტომ არ მინდოდა მისი დაკარგვის რისკზე წავსულიყავი.
ვიქტორის პენალტი? ეს შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, მისი დამოკიდებულება შეცვლაზე კარგი არ იყო, მაგრამ უკვე ვილაპარაკე მასთან და გუნდთანაც, მაგრამ არის რაღაცები, რაც გასახდელში რჩება. მირჩევნია, როდესაც ვიღაცას ვცვლი, უკმაყოფილო იყოს. ფანები უკვე გარსიას გადაყენებას ითხოვენ? არ შეგვიძლია უმცირესობის ხმას მოვუსმინოთ, უმრავლესობა მხარს უჭერს გუნდს, ფეხბურთელებს და მწვრთნელს“, – თქვა გარსიამ.
იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში „ბოლონიასთან“ დადებითად შეაფასა:
Calciomercato.com – 6 ქულა: „კიდევ ერთხელ გოლის გარეშე, მაგრამ ამჯერად გუნდის ლიდერობის სურვილი ჰქონდა და ეს გამოსდიოდა კიდეც“.
Tuttonapoli – 6 ქულა: „განუწყვეტლივ უმიზნებს მეტოქეს და საჯარიმოს. დაჟინებით ცდილობდა გატანას, ალბათ მეტისმეტადაც. თუმცა, მისი მოქმედებიდან გაჩნდა „ნაპოლის“ პენალტი“.
Tuttomercatoweb – 6 ქულა: „დააგვიანა შორეული ძელის კუთხის ჩახურვა. მცირე თავდაჯერებულობის მომენტშიც ცდილობს გოლის გატანას. რაღაცას ქმნის, მაგრამ მაინც ძალიან ცოტაა. ნახევარი ქულით მეტი მიიღო პენალტის ეპიზოდის გამო“.
Calciomercato.it – 6.5 ქულა: „ერთი ქულით ნაკლები დაიმსახურა ოსიმენის ძელის შემდეგ სენსაციურად განიავებული საგოლე მომენტისთვის. ბევრი გამონათება ჰქონდა და ცოტა ზედმეტი უზუსტობა. მისი შეცვლა აუხსნელია“.
Calcionapoli 1926 – 6 ქულა: „კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, მეორე ნახევარში ოდნავ ქრებოდა, მაგრამ გარსია მართალია: გოლი აკლია უფრო თავისუფალი გონებით სათამაშოდ“.
Mediaset – 6.5 ქულა: „პირველი ტაიმი შედარებით სუსტად ჩაატარა, მაგრამ მეორე ტაიმში გაანათა. „ნაპოლის“ ყველა სახიფათო იერიში მისით იწყება, აკვიატებული ეძებდა ოსიმენს და ცდილობდა გოლის გატანას. რეალურად მან მოიპოვა პენალტი, შემდეგ კი თავის საუკეთესო მომენტში შეცვალეს, რაც გაუგებარია“.
ავტორი