25-28 სექტემბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს პოლონეთის დელეგაცია ეწვია.
პირველ დღეს სტუმრები მიიღეს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ასევე, მუნციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა საქმიანი შეხვედრა და პროექტის პრეზენტაცია.
საინვესტიციო გარემოს განვითარების განყოფილების უფროსის ზაზა ცინცაძის განცხადებით, პოლონური დელეგაცია ჩოხატაურში პროექტ “გურიის ხილის აკადემიის” ფარგლებში იმყოფებოდა.
“პროექტის ფარგლებში შეიქმნება ხილის გადამამუშავებელი, ასე ვთქვათ, მცირე საწარმო, სადაც მოხდება წვენების ჩამოსხმა”,_ განაცხადა ცინცაძემ.
პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალური საწარმოს შექმნას, რაც ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს დაეხმარება პროდუქტის რეალიზაციაში.
ტარჩინის მერის, ბარბარა გალიჩის თქმით, შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.
“მინდა გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და დავგეგმოთ სამომავლოდ თანამშრომლობის შესაძლებლობები. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალური ხილის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას. კონკრეტული პროექტი სახელწოდებით “გურიის ხილის აკადემია” დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ვახორციელებთ ტარჩინის გმინა”,_ ამბობს გალიჩი.
სტუმრებმა ორი დღის განმავლობაში დაათვალიერეს ათამდე ადგილობრივი ფერმერული მეურნეობა, რომლებიც აწარმოებენ ღვინოს, კენკრასა და სხვადასხვა ხეხილს. ასევე შეხვედრა გაიმართა გორაბერეჟოულის პროფესიულ სასწავლებელში.
დელეგაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს გურიის ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ადგილები.