დღეს, 16 ოქტომბერს, სენაკის საკრებულოს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო, ვერ შედგა. როგორც ცნობილია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ,,სენაკი საქართველოსთვის“ წევრებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. ფაქტს სოციალურ ქსელში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ეხმაურება.
როგორც ვახტანგ გადელია წერს, “ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი შეფერხება დროებითია”.
“მინდა, გამოვეხმაურო საკრებულოს დღევანდელი არშემდგარი სხდომის ფაქტს. სამწუხარო რეალობაა, რომ სხდომაზე, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განხილულიყო, ფრაქციების – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ,,სენაკი საქართველოსთვის“ წევრებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, რითაც შეაფერხეს ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების პროცესი, როგორიცაა, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, აუტისტური სპექტრის მოზარდებისთვის მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარების დაფინანსება, ჩვენი პატარა აღსაზრდელებისა და პედაგოგებისთვის გათბობის მასალის შესყიდვა, ,,ეგრისობის” სახალხო დღესასწაულის, საზოგადოებისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებულად პატივსაცემი ადამიანების – მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია, რადგან ჩვენი მოვალეობაა მოსახლეობაზე მორგებული საჭიროებების დროულად, ეფექტურად განხორციელება, მათი თანადგომა და არა ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე გათვლილი მუნიციპალური სერვისების შეფერხება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი შეფერხება დროებითია. თითოეულ პროექტს აუცილებლად განვახორციელებთ!”,- წერს ვახტანგ გადელია. შეგახსენებთ, სენაკის საკრებულოში სულ 33 წევრი ირიცხება, აქედან 17 – “ქართული ოცნება”, 12- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” , 4 კი – პარტია “საქართველოსთვის”.
ავტორი