ვაშინგტონში, კონგრესის ერთ-ერთ შენობაში, ქენონის როტონდაში შეაღწია ასამდე დემონსტრანტმა, რომლებიც მოითხოვდნენ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის შეწყვეტას. პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობის დატოვება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი ათეულობით პირი დააკავა. სამს პოლიციელებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
აშშ-ის კონგრესთან საპროტესტო აქციის ინიციატორი იყო მემარცხენე ორგანიზაცია „ებრაელთა ხმა მშვიდობისთვის“, რომლის წევრები თავს უწოდებენ ანტისიონისტ ებრაელებს.
18 ოქტომბერს, გვიან საღამოს, პალესტინელთა მხარდამჭერთა აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინშიც. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, დემონსტრანტებმა, რომლებიც სკანდირებდნენ „თავისუფლება პალესტინას“, პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. დაკავებულია აქციის ათეულობით მონაწილე. პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრანტები ბერლინში პოლიციას დაუპირისპირდნენ 17 ოქტომბერსაც. სამართალდამცავებმა 39 პირი დააკავეს.
11 ოქტომბერს ბერლინის სასამართლომ აკრძალა პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები, მანამდე გამართულ დემონსტრაციებზე ანტისემიტური და „ჰამასის“ მხარდამჭერი ლოზუნგების გამო.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
- 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი – ღაზის სექტორში.
- ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.
“რადიოთავისუფლება”