“ვერონა” – “ნაპოლის” (1:3) მატჩი ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის გარდა, ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში სხვა ფაქტის გამოც მოხდა. მასპინძლეთა შემადგენლობაში ჩვენებური ჟღერადობის მქონე გვარის ფეხბურთელმა, ჯექსონ ჩაჩუამ ითამაშა.
ჩაჩუა ბელგიელია და მარჯვენა ნახევარმცველად ასპარეზობს. 22 წლის ჯექსონი კარიერას მშობლიურ ლიეჟის “სტანდარტში” იწყებდა, რასაც “ლოუვენი” და “შარლერუა” მოჰყვა. ჩაჩუა “ვერონაში” ერთწლიანი იჯარით 31 აგვისტოს ჩაირიცხა და შემდეგ “შარლერუას” უნდა დაუბრუნდეს. მიმდინარე სეზონში მას 1 შედეგიანი პასი აქვს. წინა სეზონებში, ერთ გოლთან ერთად, მის ანგარიშზე 2 “ასისტიც” იყო.
ჩაჩუა კამერუნის 23-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. მიიწვევენ თუ არა მას ბელგიის ეროვნულ გუნდში, ამას ვნახავთ.