“ერთად ინსულტზე ძლიერები ვართ“- 29 ოქტომბერი ინსულტის მსოფლიო დღეა.
კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინსულტის, მისი პრევენციისა და სიმპტომების შესახებ, აგრეთვე, ყურადღების გამახვილება ინსულტგადატანილ პირთა რებილიტაციის საჭიროებებსა და მნიშვნელობაზე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოს მოხმარება, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. ინსულტის შემთხვევათა 90% ასოცირდება სწორედ იმ რისკ-ფაქტორებთან, რომელთა პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით შესაძლებელია.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თამბაქოზე უარის თქმა ამცირებს ინსულტის და სხვა სისხლძარღვოვანი გართულებების რისკს.
ჯანსაღი კვება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას და ინსულტის პრევენციას.
კვირაში ხუთჯერ 30 წუთი ვარჯიში 25%-ით ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.
ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინსულტის ძირითადი რისკ-ფაქტორების, მათ შორის ჰიპერტენზიის, დიაბეტის, ჰიპერქოლესტერინემიის, დეპრესიის და სტრესის განვითარების რისკoს შემცირებაში.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია ფინანსდება, რაც პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს.
ინსულტის ჰოსპიტალური შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია ინსულტის რეგისტრის შემუშავება.