2 ნოემბერს, ილია მეორის მიწვევით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
წელს, სინოდის სხდომა მეორედ ტარდება – ბოლოს სინოდი 14 თებერვალს შეიკრიბა.
როგორც მეუფე იოანე გამრეკელმა “კურიერს” განუცხადა, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი მე-10 საუკუნეში მცხოვრები დიდი მოღვაწეების წმინდანად შერაცხვის საკითხი იქნება.
“წელიწადში ორჯერ იკრიბება სინოდი – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წესია ასეთი. ადრე, კოვიდის გამო, ჩვენ ორი წელი არ შევკრებილვართ. ერთ-ერთი საკითხი, მე რაც ვიცი, არის წმინდანად შერაცხვა იმ დიდი მოღვაწეების, რომლებიც მე-10 საუკუნის დასაწყისში და ბოლოს მოღვაწეობდნენ. კომისიის ერთ-ერთი წევრი ვარ და ვიცი, რომ ეს საკითხი დაისმება კომისიაზე. თუმცა რამდენიმე კომისიაა და ყველა კომისია თავის საკითხს ამზადებს”, – განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.