გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, გია ცეცხლაძემ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
გიორგი ცეცხლაძემ, გახარიას მთავარი მოღალატე უწოდა და განაცხადა, რომ მან არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა.
პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავას შფასებით, “ის, რაც გია ცეცხლაძემ იკადრა, სუს-ში დაწერილი სცენარია”.
“სუს-ის ყოფილი თანამშრომელი დაბრუნდა სუს-ში. თურმე, ამ ადამიანს 3 წელი დასჭირდა იმის გასარკვევად, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ ვართ. თურმე, მერკანტილური, ვაჭრული მიზნებიდან გამომდინარე იმყოფებოდა პარტიაში. ის, რაც გია ცეცხლაძემ იკადრა, სუს-ში დაწერილი სცენარია. არანაირი კავშირი “ოცნებასა” და “ნაციონალური მოძრაობასთან” ჩვენს პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, არც მომავალში არ ექნება. ეს არის ჩვენი ღიად დეკლარირებული განაცხადი. ეს ადამიანი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა, მუხლებზე დაჩოქილი ისევ “ოცნებაში” შემძვრალიყო. შესაბამისად, ამ ადამიანზე ზედმეტ საუბარს ჩვენი გუნდი არ აპირებს”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, გახარიას პარტია მას ცალსახად არ მოსწონს და ის, რომ მათი პარტიები გარკვეულ თვითმმართველ ორგანოებში თანამშრომლობენ ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
“სადაც საჭირო იქნება, ყოველ ჯერზე, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტილებას და არა პირადი დამოკიდებულებებით ან შეხედულებები, ამიტომ ყველა უნდა მიეჩვიოს ერთ რამეს – გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის საჭიროებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, ვინ როგორი აღქმები აქვს. ის, რომ სხვადასხვა თვითმმართველ ორგანოში, ჩვენი პარტიები თანამშრომლობენ ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მომწონს თუ არა გახარიას პარტია? – არ მომწონს ცალსახად”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
წყარო: რუსთავი2