ქუთაისში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელით გვსურს გამოვხატოთ მწუხარება ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.
ქეთი ბერძენიშვილის სახით ჩვენს რიგებში იდგა ჭეშმარიტი ლიდერი, ცვლილებებისათვის დაუღალავად მებრძოლი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, გაბედული, პროგრესული, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე, კაცთმოყვარეობით გამორჩეული პროფესიონალი და ადამიანი, _ ამის შესახებ ქუთაისში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამძიმრის წერილში წერია.
“ქეთი ბერძენიშვილის უდროოდ წასვლა დიდი დანაკლისია სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორისთვის, მისი საყვარელი ქუთაისისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.
ვუსამძიმრებთ ქეთის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, მის გულშემატკივრებსა და თანამებრძოლებს!
ღრმად გვწამს, რომ ქეთის მიზნები, გეგმები და პროგრესული იდეები აუცილებლად გაცოცხლდება ყოველი ჩვენთაგანის საქმიანობაში, ხოლო მისივე შექმნილი რადიო „ძველი ქალაქის“ ხმა მარად გაისმება ქუთაისში ქეთის სახელის უკვდავსაყოფად
ღრმა მწუხარებით,
ქუთაისში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები”, _ ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.