„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი გახდა, რომელიც ნეაპოლურ კლუბს უახლოესი შვიდი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
რა ვიცით მაცარის შესახებ. თავის დროზე რამდენიმე წლის განმავლობაში „ნაპოლის“ წვრთნიდა და ნეაპოლელ გულშემატკივრებს თავი განსაკუთრებულად შეაყვარა.
62 წლის ფეხბურთის სპეციალისტი ყველაზე დიდ აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს, მაგრამ 3-მცველიანი სქემით თამაშობს. 3-4-2-1, 3-4-3 და უმეტესად მაინც 3-5-2.
მაცარის ხელში ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა გარემარბის ფუნქციების შესრულება არ მოუწევს, როგორც სპალეტის და გარსიას პერიოდში. ხვიჩა თავდამსხმელი იქნება, ე.წ. მეორე ფორვარდი ვიქტორ ოსიმენის უკან. ცხადია, ეს ფუნქცია კვარაცხელიასთვის არცთუ ისე ჩვეულია, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ხშირად უწევს ამ ფუნქციის შესრულება. თუმცა, არის 3-4-3-ის ვარიანტიც, რა შემთხვევაშიც, კვარას მარცხენა გარემარბის ფუნქციები შეუნარჩუნდება. მიუხედავად ამისა, მაინც უფრო მოსალოდნელი 3-5-2 სქემის გამოყენებაა.
ვალტერ მაცარის „ნაპოლიში“ რთული მატჩებით მოუწევს დაწყება: 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ნეაპოლელები „ატალანტას“ (სტუმრად), „რეალს“ (სტუმრად), „ინტერს“ (შინ) და „იუვენტუსს“ (სტუმრად) შეხვდებიან.
რუდი გარსიაკი უკვე მშობლიურ საფრანგეთშია და ქალაქ ნეაპოლისაკენ გახედვაც აღარ სურს. იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა მისი სიტყვები, რომელიც მან ფეხბურთელებს „ემპოლისთან“ წაგებული მატჩის შემდეგ უთხრა:
„ბიჭებო, თქვენი ბრალი არ არის, მხოლოდ ჩემი ბრალია ეს მარცხი და სიტუაცია“.
რუდი გარსიამ „ნაპოლი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ნეაპოლელებმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 8 მოიგეს, 4-ჯერ ფრე ითამაშეს და 4-ჯერ დამარცხდნენ.
გუშინ, „Transfermarket“-მა მათი ვერსიით მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სია გამოაქვეყნა, სადაც „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი 30 მილიონი ევროს ღირებულების შეფასებით მე-13 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ პირველიდან მეოთხე პოზიციების ჩათვლით ოთხივე მეკარეს ერთი და იგივე სატრანსფერო ღირებულება – 45 მილიონი ევრო აქვთ, ესენი კი მაიკ მენიო, დიეგო კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა და ტიბო კურტუა არიან, ხუთეულს კი 40 მილიონით ედერსონი ასრულებს.
მამარდაშვილი წინ არის ისეთ მეკარეებზე, როგორებიც რობერტ სანჩესი, ემილიანო მარტინესი, უნაი სიმონი, ჯორდან პიკფორდი, ივან მელიე, ლუიჯი ვიკარიო არიან.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგაში 2024-2025 წლების სეზონიდან „ალ-ნასრის“ ჩართვას გეგმავს.
უეფამ „ალ-ნასრი“ შეარჩია, რადგან ამჟამად მსოფლიოში მესამე ყველაზე პოპულარული კლუბია. ჯერჯერობით, უცნობია, რა მექანიზმებით და ვის ხარჯზე აპირებს უეფა უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმას, რადგან აზიურ კლუბებს უეფას ტურნირებში მონაწილეობა არ შეუძლიათ.
ჯერჯერობით, სხვა დეტალები არ ვრცელდება. მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვლება და გაიზრდება მონაწილე გუნდების რაოდენობაც (36-მდე).
რუსული მედიის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ბინადარ „სოჭის“, რომელიც ძალიან ცუდ სეზონს ატარებს, მთავარ მწვრთნელად საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლის ვლადიმერ ვაისის დანიშვნა სურს.
რუსი ჟურნალისტები ბრატისლავას „სლოვანის“ ამჟამინდელ თავკაცს დაუკავშირდნენ და შესაძლო ახალი სამსახურის შესახებ დაეკითხნენ, რაზეც გამოცდილმა სპეციალისტმა დიპლომატიური პასუხი გასცა.
„რუსეთის ჩემპიონატში მუშაობით დაინტერესებული ვარ, მაგრამ ამჟამად ამ საკითხზე საუბარი არ შემიძლია, მე ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ვმუშაობ“, – თქვა ვლადიმერ ვაისმა.
ავტორი