ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ქვენობნის, ბასილეთის, ბუკნარის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ თავართქილაძემ საქართველო დატოვა და როგორც წყარო გვეუბნება, ისე რომ მანდატი არ დაუტოვებია, დაახლოებით, ერთი თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით, სამუშაოდ წავიდა.
აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად , “გურია ნიუსი” მიხეილ თავართქილაძესთან დაკავშირებას შეეცადა. თუმცა, მას მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე ამ დრომდე არ უპასუხია. დაკავშირებას ჯერჯერობით, ვერც მისი ოჯახის წევრებთან ვახერხებთ.
საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კუჭავას თქმით კი, მიხეილ თავართქილაძე საზღვარგარეთ სამკურნალოდ წავიდა.
_ როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ქვენობნის მაჟორიტარი საზღვარგარეთ სამუშაოდ ისე წავიდა, რომ მანდატი არ დაუტოვებია. ამ საკითხთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებდით?
_როგორც ჩემთვის ცნობილია, დეპუტატი სამკურნალოდ გაემართა საზღვარგარეთ. რეგლამენტის მიხედვით, თუ 6 თვის განმავლობაში არ დაესწრება სხდომებს და არც განცხადებით მოგვმართავს, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შეუწყდება უფლებამისილება.
“გურია ნიუსი” იმედს იტოვებს ქვენობანი, ბასილეთი, ბუკნარის მოსახლეობის რჩეული უპასუხებს ჩვენს სმს შეტყობინებას.