განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სკოლებში ე.წ. ეროვნული შეფასება დაინერგოს:
“ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ სკოლებში აუცილებელია, შემოვიღოთ, დავაბრუნოთ ე.წ. ეროვნული შეფასება. ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ თავად მასწავლებელმა იცოდეს, თუ რა შედეგებზე გადის. ეს მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის და თავად სკოლის ხელმძღვანელობისთვის და რაც მთავარია, ეს მნიშვნელოვანია განათლების სამინისტროსთვის, სისტემისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, აღნიშნული პროცესი უკვე აქტიურად დავიწყეთ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მე-6 და მე-9 კლასში გვინდა, პირველ ეტაპზე, ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები შემოვიღოთ, რომლებიც სისტემას ნათელ სურათს მისცემს, თუ როგორ ვითარდება, რა დახვეწა და რა გაუმჯობესება სჭირდება.
მე-12 კლასში კი ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი შეფასება, რასაც ბავშვის სკოლიდან, ზოგადი განათლებიდან, უმაღლეს განათლებაში თუ პროფესიულ განათლებაში ტრანზაქციას ვეძახით. ესეც ბუნებრივია, მოაზრებული ცვლილება იქნება და საზოგადოებას სრულიად ახალ, საერთაშორისო პრაქტიკაზე ადაპტირებულ ჩარიცხვის პროცესს შევთავაზებთ.