ცნობილი რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე ასეთ „შემთხვევას“ იხსენებდა:
„მოსკოვის დრამატულ თეატრში ოსტროვსკის პიესა „უმზითვო“ დავდგი, რომელიც წარმატებით მიდიოდა. ერთ-ერთი მორიგი სპექტაკლის ფინალური სცენაა – მამაკაცი რევოლვერს უმიზნებს ქალს, რომელმაც სიყვარულზე უარი უთხრა და ეუბნება: მე თუ არა, არც სხვას შეხვდებიო… ამის შემდეგ, კულისებში რეკვიზიტორმა ცარიელი ჰილზის კაფსულა უნდა გახეთქოს, რაც გასროლის იმიტაციაა და ქალი „მკვდარი“ ვარდება… თქვა მამაკაცმა ფრაზა და ქალი კაფსულის გახეთქვას ელოდება, რომ დავარდეს, მაგრამ „გასროლა“ არ ისმის. მსახიობებმა სამჯერ გაიმეორეს სცენა, მაგრამ რეკვიზიტორმა კაფსულა ვერ გახეთქა. ამ დროს დარბაზიდან ვიღაცამ დაიყვირა: ყუმბარა ხიე, ყუმბარაო… ამ რეპლიკამ ჰომერული სიცილი გამოიწვია, ფარდა დაიხურა და სპექტაკლი ჩაიშალა. მე გაცოფებული ვეტაკე რეკვიზიტორს.
– რა ჩემი ბრალია, ჰილზები სველი იყო და ამიტომ არ გასკდა, – თავი იმართლა მან, შემდეგ კი სხვა ტექნიკურ პერსონალს გადახედა და დაამატა, – ნუთუ ვერავინ მოვიფიქრეთ, რომ ელექტრიკს ნათურა გაეხეთქა ან მექანიკოსს ჩაქუჩი დაერტყა რკინაზე, თუნდაც ბუშტი გაეხეთქათ, ყველა ეს ხმა გასროლას ჰგავს. მსახიობი მიხვდებოდა, დავარდებოდა და სპექტაკლიც არ ჩაიშლებოდაო.
ცოტა კიდევ დავცოფე დასი და დავიშალეთ. შემდეგ საღამოს კვლავ იმავე სპექტაკლს ვთამაშობდით. ფინალურ სცენამდე ყველაფერი საუცხოოდ მიდიოდა, მაგრამ რეკვიზიტორმა კვლავ ვერ მოახერხა ჰილზის გახეთქვა. მსახიობი ქალი გასროლის მოლოდინშია, რომ წაიქცეს და სცენა დასრულდეს. უცებ, სამარისებურ სიჩუმეში ჩაქუჩის დარტყმა, ბუშტის გახეთქვა, ნათურის გატეხვა და კიდევ ხუთიოდე მსგავსი ხმა ერთდროულად გაისმა, ანუ ტექნიკური პერსონალის მთელმა შემადგენლობამ ერთბაშად სცადა რეკვიზიტორის დახმარება. მთავარი გმირები მოულოდნელად გაშრნენ, დარბაზიდან კი, სანამ ენით აუწერელი სიცილ-ხარხარი ატყდებოდა, ვიღაცამ წამოიყვირა, – გუშინ ხომ გითხრეს, ყუმბარა ხიეთო…
ბევრი რომ არ გავაგრძელო, სპექტაკლი ზედიზედ მეორედ ჩაგვეშალა და ამის მერე მსროლელ მამაკაცს რევოლვერში „ხალასტოი“ ტყვიებს ვუწყობდით, რომ თავადვე გაესროლა“.
ავტორი