ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯვარცხმისა და შუა ამაღლების საჯარო სკოლებს მონიტორინგის გარეშე სრული ავტორიზაცია მიენიჭა.
როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას თქვა, მუნიციპალიტეტში სულ 8 სკოლაა ავტორიზებული.
“ავტორიზაცია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმია, რომლის მიზანი შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფაა. სკოლები ავტორიზაციის პროცესში სრულ მხარდაჭერას იღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის პროგრამის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკონსულტაციო სერვისების სახით.
მიმდინარე წელს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციის გავლის მიზნით განაცხადი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შვიდმა საჯარო და ერთმა კერძო სკოლამ შეიტანა და გაიარა ავტორიზაცია. ძალიან სასიხარულო ის ფაქტი, რომ სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის, სოფელ ერკეთის, სოფელ წიფნარის, სოფელ ქვაბღის, სოფელ ზოტის, სოფელ შუა ამაღლებისა და სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლებში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა და მიღწეული შედეგები სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მიღწეული დონის შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას, რის შედეგად სკოლებს მონიტორინგის გარეშე სრული ავტორიზაცია მიენიჭა .
ყველა დანარჩენ საჯარო სკოლაში ავტორიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი მზადაა სკოლების მხარდაჭერისათვის და იმედოვნებს შემდგომ წარმატებებს”, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ.