კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს. მისივე შეფასებით, მესამე პრეზიდენტი “შესანიშნავ ფორმაშია”:
„სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა კლინიკიდან ციხეში, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, სააკაშვილს არასდროს პრობლემა არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. ის კამპანიას აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ თუკი რაიმე დაავადება არსებობს, ყველა დაავადება ჰქონდა. რეალობაში ეს ადამიანი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია და კარგად გამოიყურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, მესამე პრეზიდენტის კლინიკიდან ციხეში დაბრუნება დღეს გახარიას პარტიამ მოითხოვა.
“მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარ მიზნების მისაღწევად; ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში; აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ახალი წლების შემდეგ მაინც)”, _ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.