საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრაღაში, უნივერსიტეტთან მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისა და მასობრივი სროლის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ჩეხეთის დედაქალაქში სროლის ხმა დღის მეორე ნახევარში გაისმა. პრაღის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი იმ დროს გაიხსნა, როცა სასწავლო დაწესებულებაში ასობით სტუდენტი და თანამშრომელი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
ინფორმაციისთვის, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, უნივერსიტეტში სროლა იყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
გავრცელებული ცნობებით, სროლა იან პალახის მოედანზე მდებარე ჩარლზის უნივერსიტეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით დაღუპულია 15 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +420 777 222 053, საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე!
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის. საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.