საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმისა და 14 სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით.
„ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თქვენს გვერდით ვდგავართ ამ მძიმე წუთებში“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.