სასიქადულო ქართველ მომღერალს, ზურაბ ანჯაფარიძეს იუმორი და ხუმრობა უყვარდა და ხშირად სხვადასხვა „შტუკას“ უწყობდა კოლეგებს, რაზეც ყველანი ერთად ხალისობდნენ. რამდენჯერმე ბატონი ზურაბი ცნობილ დირიჟორს, მაესტრო ოდისეი დიმიტრიადსაც გაეხუმრა. ერთხელ, ჩუმად, ოპერის პარტიტურაც კი შეუცვალა, რითაც ბატონი ოდისეი ისე გააბრაზა, რომ უთხრა:
– დამაცადე, ზურიკო, კაცი არ ვიყო, თუ სამაგიერო არ გადაგიხადოო.
გავიდა რამდენიმე თვე. ოპერაში როსინის „სევილიელი დალაქი“ დადგეს, სადაც ფიგაროს ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა – ისე ვირტუოზულად და დიდი არტისტიზმით, რომ მთელი დარბაზი ოვაციებით, ფეხზე დამდგარი ხვდებოდა არიის დასასრულს.
ფიგაროს არია ხუთ წუთს გრძელდება, საკმაოდ მაღალ ტემპში სრულდება და არტისტსაც ბევრი, სწრაფი გადაადგილება უწევს სცენაზე. ერთი სიტყვით, ძალიან დინამიკური და დამღლელი ეპიზოდია. ბატონი ზურაბი (ფიგარო) რომ გამოჩნდა, მუსიკაც აჟღერდა, მაგრამ მომღერლის გასაოცრად, მუსიკა ორჯერ უფრო სწრაფ ტემპში სრულდებოდა. ამიტომ, ზურაბ ანჯაფარიძე იძულებული გახდა, ტემპს აჰყოლოდა და სცენაზეც უფრო სწრაფად ემოძრავა. გარდა ამისა, მუსიკოსებმა ეს ტემპი ხუთი წუთის განმავლობაში არ დააგდეს და მომღერალს, ფაქტობრივად, ორჯერ ზედიზედ, მიყოლებით მოუხდა მისი შესრულება. ბოლოს, ჩვეულებისამებრ, დარბაზში მქუხარე ოვაციები გაისმა და „ფიგარო“ მართალია, კულისებში გავიდა, მაგრამ ბატონი ზურაბი ისე დაიღალა, რომ სულს ძლივს ითქვამდა. კმაყოფილმა ოდისეი დიმიტრიადმა კი მომდევნო სცენა უკვე ნორმალურ ტემპში გააგრძელებინა მუსიკოსებს, რადგან სიტყვა შეასრულა და სამაგიერო გადაუხადა დიდ მომღერალს.
პაოლო იაშვილი ყოველთვის რუსთაველის გამზირის გავლით ბრუნდებოდა სახლში მწერალთა კავშირიდან. პიონერთა სასახლეს რომ გაუსწორდებოდა, გვერდს არასდროს უქცევდა ერთ გრძელთმიან მოხუცს, რომელიც ტროტუარზე იჯდა, წინ უზარმაზარი ქუდი ედო და მოწყალებას ითხოვდა.
– როგორ გიკითხოთ, დიდო პოეტო, რით გაგვახარებთ, ახალი შედევრი ხომ არ შეგიქმნიათ? – ჰკითხავდა მოხუცი პაოლოს და გაუღიმებდა.
პაოლო, მოხუცს ყოველთვის ვერცხლის მონეტას უგდებდა ქუდში, შემდეგ ახალ ან რომელიმე ძველ ლექსს წაუკითხავდა და ასე აგრძელებდა გზას. ერთ დღეს მოხუცთან მისულ პოეტს მოწყალების მთხოვნელმა მორიგი ფრაზა უთხრა. პაოლომ ჯიბეები მოიჩხრიკა, მაგრამ ფული არ აღმოაჩნდა. დიდი პოეტი შეწუხდა. წამით ჩაფიქრდა. შემდეგ მოხუცს გვერდით მიუჯდა. წინ მისი უზარმაზარი ქუდი დაიდო და ასეთ ფრაზას ამბობდა: მოწყალება გაიღეთ ღარიბი პოეტისთვისო… გამვლელ-გამომვლელებმა, რომლებმაც იცნეს პოეტი, ათ წუთში ვერცხლის მონეტებით აავსეს უზარმაზარი ქუდი. პაოლომ ეს ქუდი პატრონს დაუბრუნა. თავად კი პიონერთა სასახლის კიბეებზე დადგა და ერთი საათის განმავლობაში, საკუთარ ლექსებს უკითხავდა მოწყალების გამღებ მოქალაქეებს. ეს იმპროვიზებული პოეზიის საღამო იმით დასრულდა, რომ თბილისელებმა სახელოვანი ქართველი პოეტი მქუხარე ტაშით გააცილეს შინ.
ცნობილი ქართველი აკადემიკოსი, პოლიგლოტი ოთარ ონიაშვილი მოსკოვში, ერთ-ერთ საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რომელსაც რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი, ალექსი პირველიც ესწრებოდა. მოხუცი პატრიარქი საზეიმო საეკლესიო სამოსში იყო გამოწყობილი. ზემოდან კი ძვირფასი ფარჩისგან შეკერილი მოსასხამი ეცვა, რომელიც აღმოსავლურად იყო ამოქარგული აბრეშუმის ძაფით. შესვენების დროს ონიაშვილი პატრიარქს მიუახლოვდა და მოკრძალებულად უთხრა:
– თქვენო უწმიდესობავ, მაპატიეთ კადნიერებისთვის, მაგრამ იქნებ მითხრათ, რა დანიშნულება აქვს თქვენს მოსასხამს და სადაური წარმომავლობისაა?
ალექსი პირველმა გაოცებით შეხედა „უვიცს“ და განუმარტა:
– ამ მოსასხამს საზეიმო დანიშნულება აქვს. ფარჩისაა და დამზადებული და მოქარგულია სირიაში. ამ ქვეყანაში, როგორც ცნობილია, მსოფლიოში საუკეთესო ფარჩას ამზადებენ. მოსკოვის საპატრიარქო კი უკვე ოთხასი წელია, რაც იქ უკვეთავს ქსოვილსო.
ონიაშვილმა თვინიერად მოისმინა მოსკოვის მოხუცი პატრიარქის განმარტება და კიდევ უფრო მოკრძალებულად ჰკითხა:
– თქვენო უწმიდესობავ, მთელი ამ ოთხასი წლის განმავლობაში ასეთ ქსოვილს იღებთ სირიიდან?
– დიახ, – მიუგო პატრიარქმა.
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ თუ იცით, რა გაწერიათ ზურგზე მოსხმულ მოსასხამზე?
– არაფერი. ეს მხოლოდ ნაქარგია.
ონიაშვილს გაეღიმა და ალექსი პირველს უთხრა:
– მაგ სირიულ ნაქარგში გამოყვანილია არაბული ასოებით ციტატა, რომელიც ასე იკითხება: „ალაჰია ჭეშმარიტი ღმერთი და მისი წინასწარმეტყველი კი მუჰამედი“…
ალექსი პირველი ისე გაოგნდა, რომ უმალვე დატოვა სამეცნიერო კონფერენცია. მას მერე რუსეთის პატრიარქთა სირიულ ფარჩისგან შეკერილ მოსასხამს ნაქარგი აღარ აქვს, რომელსაც რუსეთის სულიერი ლიდერები ოთხასი წელი ატარებდნენ.
ერთხელ, ნოდარ დუმბაძე რომ „ნიანგის“ რედაქტორი გახლდათ, ის და ნოდარ მალაზონია რედაქციაში ჭადრაკს თამაშობდნენ. ის იყო, მალაზონიამ ეტლით სვლა გადაწყვიტა, რომ მიხვდა, ამით ლაზიერს კარგავდა. ეტლს ხელი ცივად გაუშვა და ვითომც არაფერიო, კვლავ ფიქრი განაგრძო. ეტლით თამაშობდიო, – შეახსენა რედაქტორმა. მაგრამ მოწინააღმდეგე დუმს. ეტლიო, – კვლავ უმეორებს დუმბაძე. ის კი ჯიუტად ამბობს, ხელი არ მიმიკარებიაო. ძალს ის არის და ძალს მისი რედაქტორი – არც ერთს დათმობა არ უნდა. სხვა საშველი რომ ვერ ნახა, მალაზონიამ გაბრაზებულ-გასაწყლებული ხმით ესღა მოიფიქრა:
– ბიჭო! იმ შენს ილიკო და ილარიონებში რომ წერ, იმან ამას ის გაუკეთა და მერე ამან იმას ისაო… მამაშენის ჩექმები და შარვალ-კოსტუმი ვირზე აკიდებული რომ მიიტანეთ ორ ბათმან სიმინდზე გასაცვლელად, ბაბილო ვაშაყმაძემ ჩექმა და კოსტუმი რომ გამოგართვა და სიმინდი მოგცა. მეორე დილას სიმინდი რომ გამოგატანა და ყველაფერი ისევ უკან დაგიბრუნა. ის ხომ იყო კარგი! ახლა შენ ამ გაჭირვებული დედოფლის დაბრუნება რომ გენანება ჩემთვის, ესაა შენი ჰუმანიზმი?
– მტყუანს! არ აუდგა გვერდები ბაბილო ვაშაყმაძეს, რამდენი იმას ჩემთვის ის შარვალ-კოსტუმი და ჩექმა უკან არ დაებრუნებინოს, – მიპასუხა ნოდარმა.
ავტორი