ვალერი გელაშვილი დიდ პოლიტიკაში გადადგმულ პირველ ნაბიჯებს შემდეგნაირად იხსენებდა.
„ჩემი პოლიტიკაში მოხვედრა ყოფილი უშიშროების მინისტრის – ვახტანგ ქუთათელაძის „დამსახურებაა“. პოლიტიკოსობაც იმიტომ მომინდა, რომ მისნაირი ჩინოვნიკებისთვის საკადრისი პასუხი გამეცა.
საქართველოში ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე. პირველი, რაც გავაკეთე, სამეგობროსთან ერთად სურამში ეკლესია ავაგე. მაშინ ერთმა ხუმრობით მითხრა:
– ვალერი, ერთ წელიწადში არჩევნებია და იქნებ კენჭი გეყარა.
– რა პრობლემაა? – დამიჯდა ჭკუაში.
სხვები მიხვდნენ, სერიოზულად რომ დავინტერესდი და გამაფრთხილეს:
– თუ არჩევნებში მონაწილეობას მართლა აპირებ, ჯერ ხმამაღლა ნუ იტყვი, საქართველო ლიტვა არ გეგონოს.
განვაცხადე თუ არა საჯაროდ – პარლამენტარობას ვაპირებ – მეთქი, დიდი ზეწოლა წამოვიდა ზემოდან! ჩემი ფინანსური განადგურება გადაწყვიტეს, მაგრამ ვინ დარჩა მოგებული, კარგად გამოჩნდა. ვახტანგ ქუთათელაძემ პირდაპირ სისხლი გამიშრო. ლიტვის უშიშროების მინისტრი ყოფილი მასწავლებელია. ესეც ხომ უშიშროების მინისტრია და ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე:
– ქუთათელაძე საიდანაც მოვიდა, ისევ იქ წავა და სკოლის მასწავლებლობას დაუბრუნდება.
ორ დღეში დამიკავშირდა და მისაყვედურა:
– ამხელა ტყუილი რამ გათქმევინა, მე არასოდეს ვყოფილვარ სკოლის მასწავლებელი.
– აუჰ, ეს როგორ შემეშალა, – დავდარდიანდი, – არ ინერვიულო, ხვალვე მივცემ სხვა ინტერვიუს და შეცდომას გამოვასწორებ.
– მართლა? – დაუტკბა ხმა, – მაინც რას იტყვი?
– რას და – ქუთათელაძე ისევ იქ წავა, საიდანაც მოვიდა, რადგან დაცვიდან მოვიდა, წავა და ერთ-ერთ რესტორნის კართან დადგება – მეთქი.
ყურმილი გაუვარდა ხელიდან!…“
ავტორი