2023 წლის ბოლოს, ოზურგეთელმა ისტორიკოსმა, ოზურგეთის მუზეუმის ფონდის მცველმა, მანანა ლომაძემ, თავისი მესამე წიგნით _ „გურიის ახალი დიდგორი“, გაახარა მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და მშობლიური მხარის ასე მოსიყვარულე გურულები.
„გურიის ახალი დიდგორი“ მეცნიერის საუკეთესო ნაშრომია და აქ კარგად ჩანს მისი უდიდესი როლი გურიის ისტორიის კვლევის საქმეში.
„ფუტკარი ვერ შეედრება მუყაითობაში და ვერავინ მშობლიური მხარის სიყვარულში. იგი იმ იშვიათ პატრიოტთაგანია, რომელსაც საფიცარად მიაჩნია მშობლიური გურია. ტოლს არავის უდებს გურიის ამბების სიღრმისეული ცოდნით და როგორც ვიცით , მეოთხე წიგნის გამოსაცემადაც ემზადება. ყველაზე დიდი ადამიანური თვისება მისი თავმდაბლობაა. უსაზღვროდ ყურადღებიანი და მოყვასია. ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მუზეუმის თანამშრომლებისთვის დახმარება, მისი ჰობია. ის ფონდის მცველია და ტყუილად არ ვეძახით მუზეუმის ხერხემალს, _ ამბობს ოზურგეთს სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი ლანა ქავთარაძე.
„გილოცავთ მესამე წიგნის გამოშვებას. რამდენიმე თავს გავეცანი. ყოველთვის საინტერესო ამბებს გვთავაზობთ გურიის ისტორიიდან და მადლობა ამისთვის. ველოდებით დაპირებულ მეოთხე წიგნს. წარმატებებს გისურვებთ“, _ თბილი და სიყვარულით აღსავსე სიტყვებით ულოცავს გიორგი გირკელიძე მას ახალი წიგნის პრეზენტაციას.
მანანა ლომაძე წლების მანძილზე თანამშრომლობდა და თანამშრომლობს „გურია ნიუსთან“, გვაწოდებდა და ახლაც გვპირდება, რომ მოგვაწვდის საინტერესო მასალებს გურიის ისტორიიდან, რომლითაც ასე დაინტერესებულია ჩვენი მკითხველი.
მცირე ამონარიდი წიგნიდან: „გურიის ახალი დიდგორი“:
„აჯანყებული გურიის დამცველი გახლდათ გულანთებული ვაჟა–ფშაველა. რომელსაც აჯანყებული გურიის დასახმარებლად 200 შეირაღებული ხევსურის ჩამოყვანა ჰქონდა განზრახული. ამის შესახებ ნინო ნაკაშიძის მოგონებიდან ვგებულობთ: „ბატონიო ვაჟა, – ვუთხარი მე, რომ 1905 წლის ნასაკირალის შეტაკების შემდეგ, თქვენ გდომიათ გურიაში დამსჯელი რაზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ორასი შეირაღებული ხევსურის ჩამოყვანა.
_ ჰო, და მართლა რა, _ თქვა მან, _ მე და ჩემმა ღმერთმა, ჩამოვიდოდით კიდეც და ვიბრძოლებდით კიდეც, მაშინ ილია ჭავჭავაძეც აპირებდა წამოსვლას, იმან შეგვაგულიანა.“
„გურიის ახალი დიდგორი” ინტერესით წასაკითხი წიგნია. მასში ასახულია გურიის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები, რომელიც უდაოდ საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გურიის ისტორიით არიან დაინტერესებული.
„გურია ნიუსი“ ულოცავს დაუღალავ, უნიჭიერეს ისტორიკოსს დამდეგ ახალ წელთან ერთად, ახალი წიგნის პრეზენტაციას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და მკითხველების კიდევ ბევრჯერ გახარებას.
ავტორი