2026 წლის საჯარო სერვისების გაეროს მსოფლიო ფორუმის მასპინძელი საქართველო იქნება,_ ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ავრცელებს.
“2023 წლის დეკემბერში, გაეროში, გენერალური მდივნის მოადგილესთან გვქონდა საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილეთ საქართველოში საჯარო სერვისების განვითარებაზე მიმართული რეფორმები.
ახალი წლის დადგომასთან ერთად კი მივიღეთ ბატონი ლი ჯინჰუას წერილი, რომლითაც გვემცნო, რომ ჩვენი თხოვნა დაკმაყოფილდა და საჯარო სერვისებზე გაეროს მსოფლიო ფორუმი 2026 წელს საქართველოში ჩატარდება!
დიდი სიხარულია, რომ ათასობით საჯარო მოსამსახურის მიერ მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის, სწრაფი და ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების განვითარებისთვის გაწეული შრომა უმაღლეს დონეზე იქნა აღიარებული და დაფასებული.
გაეროს მსოფლიო ფორუმზე ყველა კონტინენტის წარმომადგენელი ერთმანეთს გაუზიარებს ცოდნას საჯარო სერვისებზე და გაჩნდება ახალი იდეები, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
საქართველო ნიჭიერი და მონდომებული ადამიანების ქვეყანაა, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს.
წინ ბევრი გამარჯვებაა”,_ წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.