რამდენიმე დღის წინ ახალი – 2024 წელი დაგვიდგა. ამ საზეიმო თარიღისთვის მზადება მთელ მსოფლიოში დიდი ხნის წინ დაიწყო.
მართალია კარგი ნაძვის ხე გვაქვს, მაგრამ იაპონელებმა მაინც გვაჯობეს. იქაურმა იუველირებმა შექმნეს ნაძვის ხე სუფთა ოქროსაგან, რომელიც 24 კილოგრამს იწონის და 1.5 მილიონი დოლარი ღირს. ეს საშობაო სასწაული შემკულია 240 ძვირფასი ქვით, მათ შორის ბრილიანტებით და მარგალიტის “წვიმებით“.
ახალი წლისათვის ბრაზილიაშიც კარგად მოემზადნენ. იქაურები იაპონელებისგან განსხვავებით სხვა გზას დაადგნენ. სან-პაულოელმა კონდიტერებმა შოკოლადის ნაძვის ხე დაამზადეს, რომელიც 110 კილოგრამს იწონის და სიმაღლით ხუთი მეტრია. ტოტებზე საჩუქრების ნაცვლად 3 ათასამდე კანფეტი მოათავსეს, ნიგვზისა და კარამელის შიგთავსით.
ნაძვის ხე სხვა ტკბილეულთან ერთად კიბოთი დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების მხარდამჭერ ფონდში გადააგზავნეს. საჩუქრის ადგილზე მისატანად გამოიყენეს სპეციალური სატვირთო-სამაცივრო დანადგარი. სხვაგვარად ლათინური ამერიკის ცხელ კლიმატში შოკოლადი გზაში დადნებოდა.
ნაძვის ხის სახლში დადგმა სასიამოვნო ტრადიციაა და არა რელიგიური რიტუალი. მას საფუძველი გერმანიაში ჩაეყარა იმ დროს როდესაც წინაისტორიული პერიოდის ადამიანები მარადმწვანე ხეებს ეთაყვანებოდნენ. ინგლისში ეს წესი მას შემდეგ დამკვიდრდა, როდესაც გერმანიის პრინცი ალბერტ საქს-კობურგ-გოტა დედოფალ ვიქტორიაზე დაქორწინდა.
სწორედ ინგლისში შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ნაძვის ხის სათამაშო. მისი ავტორია იუველირი ჰემფშირის საგრაფოდან, ვინმე მარკ ჰესეი.
ამ სათამაშოს ფასი არც მეტი არც ნაკლები 130 ათასი დოლარი იყო. ის წარმოადგენს 1.5 ათასი ბრილიანტით მოჭედილ 18 კარატიანი თეთრი ოქროს ბურთს, რომელსაც გარს აკრავს 188 ლალის თვლით შემკული ორი რგოლი. სათამაშო გამოფენილი გახლდათ ლონდონის ერთ-ერთ უნივერმაღში, მოთავსებული იყო შუშის სქელი ფენით დაფარულ თუნუქის კოლოფში, რომელზეც დამაგრებულია სიგნალიზაცია.
2024 წლის დადგომამდე, წინა საღამოს ჩილელ სერხიო კალდერონს დიდი საახალწლო სიურპრიზი ელოდა. საკუთარი სახლის სხვენზე ასული, ნაძვის ხის მოსართავი ატრიბუტიკის მოძებნას აპირებდა და ბრჭყვიალა სათამაშოების ნაცვლად რვა საბრძოლო ყუმბარა დახვდა. კალდერონმა თოვლის ბაბუის საჩუქრის შესახებ მაშინვე პოლიციას აცნობა, რომლებიც ადგილზე სწრაფად გამოცხადნენ და ყუმბარებიც გააუვნებელყვეს. უიღბლო ჩილელის ვარაუდით, ყუმბარები საკუჭნაოში შესაძლოა 20 წლის წინ მამამისს შეენახა.
ეს „სამწუხარო“ ამბავი კი რამდენიმე დღის წინ ლონდონში დაფიქსირდა. ამ ქალაქის ერთ-ერთ პარკში, გასართობად მოსულებმა სანტა კლაუსი, სამი ფერია და ორი მცველი ცემეს. მათ ვერც ფიფქია გადაურჩა.
ჩხუბის მიზეზი მრავალგვარი იყო. პარკში შესასვლელი ბილეთი 30 გირვანქა ღირდა და ატრაქციონების ნახევარი არ მუშაობდა. სიმართლე ითქვას და მთავარი პროვოკატორი სანტა კლაუსი აღმოჩნდა. ის უარს ამბობდა ბავშვების მუხლებზე დასმაზე და 10 გირვანქა სტერლინგს ითხოვდა მათთან ერთად სურათის გადაღებისათვის.
ავტორი