ნაღვლიანად გაუთენდა ჩოხატაურს კალანდა. საზარელმა ამბავმა მთელი მუნიციპალიტეტი და არა მარტო ჩოხატაური შეძრა _ პატარა გაბრიელი, რომლის დაბრუნებასაც მოუთმენლად ელოდებოდა დიდი თუ პატარა, დაგვეღუპა. მთელ ჩოხატაურს მოუკვდა პატარა ანგელოზი.
პატარა გაბრიელ კეკელიძეს დღეს გამოვემშვიდობებით. გაბის ცხედარი ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში უკვე ასვენია.
“შენთან განშორებას როგორ შევეგუო, დედი”, _ წერს გაბის დედა, მარიტა სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
“გურია ნიუსის” რედაქცია თანაუგრძნობს ჩვენს მეგობარს და გულშემატკივარს ვანიკო კეკელიძეს და მის ოჯახს, ყველა ახლობელს, მთელ ჩოხატაურს პატარა გაბრიელის გარდაცვალების გამო და გამძლეობას უსურვებს მათ. ჩვენ კი მუდამ გვემახსოვრება ანგელოზად გაფრენილი პატარა გაბი.