ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკაში გიგანტური ალმასი იპოვეს.
ეს ცნობა ქვეყნის ხელისუფლებამ საჯაროდ უარყო. ოფიციალურ პრეს-კონფერენციაზე ითქვა, რომ არაფერი იციან 7-ათასკარატიან ალმასზე და ეს ყველაფერი სენსაციებზე მონადირე ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია.
სამხრეთაფრიკელმა მეცნიერმა ლეს მილერმა გამოაცხადა, რომ ასეთი ქვის არსებობას ის არასოდეს დაიჯერებს, სანამ საგანგებო ექსპერტიზა არ დაადასტურებს, რომ ეს ალმასი, თუკი ასეთი არსებობს, ნამდვილად ბუნებრივია.
საქმე ის არის, რომ მეცნიერმა ალმასის სურათი მობილური ტელეფონით მიიღო ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ირწმუნება, რომ მომწვანო ფერის კილონახევრიანი ალმასი აღმოაჩინა.
თითქოს ალმასი ექსკავატორით სამშენებლო სამუშაოების დროს იპოვეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ეს ალმასი უკვე შესულია ინტერნეტის ენციკლოპედია „ვიკიპედიაში“.
დღემდე ცნობილ და აღიარებულ ალმასებში რეკორდულად სახელდება 3106-კარატიანი ალმასი, რომელიც, დაახლოებით, ასი წლის წინ პრეტორიის მახლობლად აღმოაჩინეს. გამოთვლების შემდეგ ის ცხრა სუპერმსხვილ ბრილიანტად და 96 წვრილ ბრილიანტად დაშალეს. ამ ალმასის ყველაზე წონად ნაწილად მიიჩნევა მსხლის ფორმის ბრილიანტი, რომელიც 530,2-კარატიანია. მას „აფრიკის ვარსკვლავს“ ეძახიან. ის მსოფლიოში უმსხვილესია და დღემდე ბრიტანეთის მონარქის სკიპტრას ამშვენებს. ზომით მეორე ბრილიანტი კი დედოფლის გვირგვინს ამშვენებს – ის 317,4-კარატიანია.
ავტორი