BBC-ის ცნობით, იაპონური რობოტი მთვარეზე წარმატებით დაეშვა, მაგრამ მზის ენერგიის სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, შესაძლოა მისია მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდეს.
მთვარის საკვლევი ჭკვიანი დასაჯდომი მოდული (Slim)მთვარის ეკვატორულ კრატერთან დაეშვა – აშშ-ს, საბჭოთა კავშირის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ, იაპონია გახდა მსოფლიოს მეხუთე ქვეყანა, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე მოდული უსაფრთხოდ დასვა.
თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო, Slim-ი ელექტროენერგიის გამომუშავებას დიდი ალბათობით ვერ შეძლებს. ის მხოლოდ ბატარეებში შენახულ ენერგიას გამოიყენებს, რის შემდეგაც გაითიშება.
იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (Jaxa) ვარაუდით, შესაძლოა Slim-ის პანელები მხოლოდ ახლაა იმგვარად გაშლილი, რომ სინათლე არ ხვდება და მზის სხივების პოზიციის შეცვლის შემდეგ, სისტემის ამოქმედების ალბათობა არსებობს. მათივე განცხადებით, ახლა მკვლევრები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მალე მოაგროვონ საჭირო ინფორმაცია.
ცნობისთვის, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ინფრაწითელი კამერით აღჭურვილ რობოტს მთვარის გეოლოგია 2 კვირის განმავლობაში უნდა ეკვლია.