ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატულ თეატრში ექსპერიმენტულ სცენაზე შედგა სპექტაკლის პრემიერა „შეგიძლია დამინახო?“, რომლის რეჟისორი გიორგი ჩავლეშვილია. ამჯერად სცენა არაპროფესიონალმა მსახიობებმა დაიპყრეს. ოზურგეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვეს.
სპექტაკლში თინეიჯერების სათქმელი წარმოადგინეს: სალომე ღლონტმა, ანასტასია კილაძემ, ანა მეგრელაძემ, მარიამ მანჯავიძემ და ალექსანდრე ისახაშვილმა.
პროექტის ავტორის და პედაგოგის ეკატერინე ოსტროვსკის თქმით, ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელებმა დაწერეს ესეები, რომლის სათაური იყო „შეგიძლია დამინახო?!”.
„შეგიძლია დამინახოთ? – ეს ერთ-ერთი პროექტია, რომელიც #4 საჯარო სკოლაში განვახორციელე. მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და ზემოთ აღნიშნულ საკითხზე დაწერეს ესეები. ესეებში აღწერილი იყო სკოლის მოსწავლეების პრობლემები. აღნიშნულ პროექტზე ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, რუსუდან მეგრელაძეს. ასევე ოზურგეთის თეატრის დირექციამ სრული მხარდაჭერა გაგვიწია და სპექტაკლის პრემიერა ექსპერიმენტული სცენაზე შედგა”,_ გვითხრა ეკატერინე ოსტროვსკმა.
„ეს სპექტაკლი მნიშვნელოვანია გულწრფელობით. ამ გულწრფელობას შეუწყო ხელი იმ ფაქტმა, რომ სკოლის მოსწავლეებმა ანონიმურად გადმოცეს თავისი პრობლემების შესახებ. ბავშვები იყვნენ თავისუფლები ამ ესეების დაწერის დროს. ამ სპექტაკლის მთავარი სათქმელი იყოს ის, რომ უფრო მეტად უნდა მოხდეს შვილების და მშობლების დამეგობრება”, – თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს რეჟისორმა გიორგი ჩავლეშვილმა.
სპექტაკლში კარგად არის ასახული თუ როგორ სჭირდებათ სკოლის ასაკის ბავშვებს მშობლებისგან და უფროსი თაობისგან ყურადღება. როგორც სპექტაკლშია ნაჩვენები, მათ ნაკლებად უსმენენ საზოგადოებაში და არ ინტერესდებიან მათი პრობლემებით…
სპექტაკლის ბოლოს კი დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნულ საკითხზე თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს.
„მსგავსი სპექტაკლის ჩვენება სკოლის მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის ხშირად უნდა მოხდეს“, „აუცილებელია ორ თაობას შორის ხშირი დიალოგი და დისკუსიების გამართვა“, – ასეთი კომენტარები სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებლებმა გააკეთეს.