50 წლამდე ქალს გამოძიება მცირეწლოვანი შვილის გაუპატიურების ხელშეწყობას ედავება.
ქალი 25 იანვარს დააკავა გამოძიებამ და ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ამ ბრალდებით დედაა დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-137-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ქალს 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
რამდენიმე თვის წინ, ბავშვის გაუპატიურების საქმეზე უკვე მიუსაჯა პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 35 წლამდე კაცს, ბავშვის დედის პარტნიორს.
„სანამ საბოლოოდ გადავიდოდა მათთან, ეს კაცი ოჯახში სტუმრად რჩებოდა. 8 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობა მან სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. სექსუალური ძალადობის შემსწრე იყო გოგოს 7 წლის ძმაც. საქმის მასალები აჩვენებს და ბავშვებიც ამბობენ, რომ და-ძმამ დედას მალევე უთხრეს, რომ კაცი ძალადობდა გოგოზე, თუმცა, დედამ ბავშვებს არ დაუჯერა“,_ ეუბნება რადიო თავისუფლებას თამუნა გაბოძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი და და-ძმის ინტერესების დამცველი.
თამარ გაბოძის თქმით, მთელი ის პერიოდი, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლო ბავშვის გაუპატიურების საქმეს განიხილავდა, ბავშვის დედა დადიოდა სასამართლო სხდომებზე და ძალადობაში ბრალდებული კაცის დაცვას ცდილობდა.
“ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება ჩემს პრაქტიკაში. ბრალდებულის ადვოკატი, მოსამართლე, მდივანი, პროკურორი… არავინ იყო ემოციებისგან თავისუფალი. ბავშვების მონათხრობი უმძიმესი მოსასმენი იყო ყველასთვის – როგორ აუპატიურებდა ბავშვს კაცი და როგორ უწევდა დედა ტელევიზორს ხმას ამ დროს. ან როგორ შეჰყავდა მოძალადეს აბაზანაში ბავშვი და ამის საშუალებას მას დედა აძლევდა“,_ ამბობს თამუნა გაბოძე.
გოგო, რომელსაც 35 წლამდე კაცი სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა, ახლა 12 წლისაა. მისი ძმა 11-ის. ბავშვები მინდობით აღმზრდელის ოჯახში ცხოვრობენ. ინფორმაცია დედის დაკავების შესახებ მათ 26 იანვარს შეიტყვეს.
ვრცლად: რადიო თავისუფლება