გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში, მდინარე სუფსის ნაპირზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნეს, რომ კომპანია „ახალი ქარხანა“, რომელიც მდინარეში ქვა–ღორღის მოპოვებით არის დაკავებული, კანონდარღვევით მუშაობს.
„მდინარემ საყანე ფართობები მიიტაცა, მიმდებარედ ხიდიც დაინგრა და სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალი იქნება“, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრის დროს აქციის მონაწილეებმა.
|
აქციაზე არ იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და კომპანია „ახალი ქარხანას“ წარმომადგენლები.
„გურია ნიუსი“ ამ საკითხთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა:
„აღნიშნული კომპანია ლიცენზირებულია შესაბამისი სამინისტროს მიერ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პერიოდულად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოების შემოწმება. მათი ინფორმაციით არანაირი დარღვევა არ ხდება და ქვა–ღორღის ამოღება არ ცდება განსაზღვრულ არეალს. დარღვევის შემთხვევაში, სპეციალისტების მიერ, მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, _ გვითხრეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ავტორი