“ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომ ადამიანები კვლავ არ იყვნენ დაუცველები სტიქიის პირისპირ”, – აღნიშნული განცხადენა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ნაცვლიშვილის თქმით, ექვსი თვე გავიდა შოვის კატასტროფის შემდეგ და ფაქტია, რომ ხელისუფლებას კვლავ არ აქვს ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შედეგად, კვლავ მივიღეთ მსხვერპლი ქედასა და ბაღდათში.
“პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება და ხელისუფლების ქება მაშინ, როდესაც 11 ადამიანი დავკარგეთ და უამრავ ოჯახს მიადგა მძიმე მატერიალური ზიანი, უბრალოდ ცინიზმია. კობახიძის კაბინეტის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო გეგმაში არცკი ჩათვალეს საჭიროდ, ცალკე თავი დაეთმოთ ამ საკითხისათვის, ამ თემას გარემოს დაცვის თავში ეთმობა მხოლოდ რამდენიმე წინადადება, რომლის შინაარსიც არის უკიდურესად ზოგადი და ბუნდოვანი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს შოვში, გურიაში, ხულოსა და ქედაში და ბაღდათში განვითარებული კატასტროფების მიზეზები, სახელმწიფოს მზაობის დონე და რეაგირების ხარისხი.
როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე უნდა შეიქმნას და გაიმართოს კატასტროფის რისკების მართვაზე ფოკუსირებული სისტემა.