პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას სააკაშვილის შეწყალების შესახებ.
თალაკვაძის განცხადებით, სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულებები აქვს ჩადენილი და პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება საზოგადოების მხრიდან კრიტიკას დაიმსახურებს, ხოლო პრეზიდენტისთვის კი პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება.
„ეს და სხვა განცხადებები არის ერთიანი ხაზის ნაწილი, ჯდება ერთიან ლოგიკაში, სალომე ზურაბიშვილს შეუქმნან შესაბამისი კლიმატი, რათა შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს. საზოგადოებას აჩვევენ, საზოგადოებრივ აზრს ამუშავებენ, რათა სააკაშვილის შესაძლო შეწყალება ნაკლებად დამაზიანებელი იყოს სალომე ზურაბიშვილისთვის. ეს არის, რაც ახლა ხდება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ეს არის ერთიანი ხაზი მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტების მიერ დაგეგმილი, ამაზე მიზანმიმართული მუშაობა მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი დანაშაულების გამო წარდგა ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მან იცოდა, რომ იყო სამართალწარმოება, იცოდა, რა ბრალდებებს უყენებდა სახელმწიფო, თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოსულიყო, აქაც უკანონოდ. შესაბამისად, მან მიიღო ის მოცემულობა, რომ სახელმწიფოს, შესაძლოა, დაეკავებინა და მართლმსაჯულების წინაშე წარედგინა. ასეც მოხდა, სრულიად სამართლიანად, მან პასუხი აგო დანაშაულებზე, რომლებიც სამართლიანმა სასამართლომ დაუმტკიცა და მიიღო გადაწყვეტილება, რაც შემდგომში სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი წესებისა და ადამიანის უფლებების დაცვით იყო. ამიტომ, საშინელი დანაშაულების ფონზე, რომელიც მის მთავრობას მიუძღოდა, სააკაშვილის შეწყალება, კარგად იცის სალომე ზურაბიშვილმა, რომ მისთვის პოლიტიკური კატასტროფა იქნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან ის დიდ კრიტიკას დაიმსახურებს და დიდი მიუღებლობა იქნება. ამიტომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის დამუშავება, რათა როგორმე შეაგუონ საზოგადოება.
გახსოვთ, ამერიკის მთავრობამ გამოაქვეყნა კონტრაქტები, სადაც მხოლოდ ერთ კონტრაქტში მილიონამდე დოლარი იყო გადახდილი, რათა მიხეილ სააკაშვილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ქართული საზოგადოებისთვის წარმოეჩინათ როგორც წამებული, ადამიანი, რომელიც თითქოს მოწამლეს, თითქოს ხელისუფლებას უმძიმეს პირობებში ჰყავს. ამ მოთხრობამ განიცადა კრახი, მისი მკითხველებიც დარჩნენ მოტყუებული. როგორც ჩანს, კონტრაქტების ნაწილი ჯერ არ არის ამოწურული, კიდევ რჩებიან ადამიანები, მწერლებიც და მთქმელებიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილზე განაგრძობენ საუბარს. მათ შორის, არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეწყალების გადაწყვეტილებაზე ერთიანი მოსთხოვნის ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს. არ გამოვრიცხავთ, მისი სურვილი იყოს, რომ მთელმა ოპოზიციამ მოსთხოვოს სააკაშვილის შეწყალება და ამ მოტივით მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.