წითელი ზღვა შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ აქვეყნებს. ვაშინგტონის თავდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ღამით ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუთებმა სატვირთო გემზე განახორციელეს თავდასხმა. მათი თქმით, ეს შესაძლოა იყოს ყველაზე სერიოზული ინციდენტი მას შემდეგ, რაც ჰუთებმა სავაჭრო გემებზე თავდასხმა დაიწყეს.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, Rubymar ბელიზის დროშის ქვეშ მყოფ, დიდი ბრიტანეთის საკუთრებაში არსებულ გადამზიდავს ჰუთები მიზანმიმართულად დაესხნენ თავს. გემს 22,000 მეტრული ტონა სასუქი გადაჰქონდა.
„მიუხედავად იმისა, რომ 24-კაციანი ეკიპაჟი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული, სასუქის ტვირთი შეიძლება წითელ ზღვაში ჩავიდეს და გააუარესოს ეს ეკოლოგიური კატასტროფა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც გამოცემა წერს, ჰუთების შეტევა საფრთხეს უქმნის წითელი ზღვის უნიკალურ მარჯნის რიფებს, რომლებიც მეცნიერების შეფასებით კლიმატური ცვლილებების მიმართ ჯერჯერობით მდგრადია, მაგრამ მას თავდასხმების ფონზე სხვა საფრთხეები ემუქრება.
„ჰუთები აგრძელებენ განურჩეველი თავდასხმებს, რაც საფრთხეს უქმნის თევზჭერის ინდუსტრიას, სანაპირო თემებს და სურსათის იმპორტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე ომის ფონზე, საერთაშორისო ვაჭრობას წითელი ზღვის კრიზისი მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის. იემენური შიიტური დაჯგუფება – ჰუთები წითელ ზღვაში რამდენიმე თვეა კომერციულ გემებს ესხმიან თავს. თავის მხრივ, წითელი ზღვა სუეცის არხის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. თავდასხმების გამო, გემების ნაწილი სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის შემოვლითი გზით სარგებლობენ. აღნიშნულის გამო, აზიიდან ევროპაში საქონლის მიწოდების დრო 10-15 დღით, ტრანსპორტირების ღირებულება კი 400%-ით არის გაზრდილი. აშშ-სა და ინგლისის ჩართულობის მიუხედავად, წითელი ზღვის კრიზისის აღმოფხვრა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.