“გურია ნიუსის” ვებგვერდზე 28 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც “ორბი ჯგუფის” მიერ ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას შეეხება, სათაურით “სად დარჩეს დღეს სტუმარი ბახმაროში? პლატონ სამანიშვილივით ვირტყათ გულზე ხელები?” პარტია “ლელოს” ჩოხატაურელი ლიდერი, მალხაზ ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ბახმარო თემა!
გურიაNEWS-ის ვებგვერდზე 28 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში “ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე კითხულობს და მერე თავადვე პასუხობს
“რა არის კოტეჯი?
50-70 კვადრატული მეტრის შენობა, რომელიც, დაახლეობით, 2 სართულზე და მანსარდზე ვითარდება.”
ეს პასუხი არ არის სიმართლე!
50-70კვ/მ-ზე ბევრად დიდიც ზომის კოტეჯებიც არსებობს იხილით ევროპულ კურორტებზე არსებული კოტეჯების სურათები.
ვითომ მსგავსი კოტეჯების არსებობა არ იცის გენერალურმა დირექტორმა?
თუ იცის და მაინც ასე პასუხობს, ეს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ხომ არ გავს? იმ მოსახლეობის, რომლებიც ვერ ახერხებენ ალპებში მსგავს კოტეჯებში დასვენებას. ვერაა კარგი საქმე მოქალაქეების ნაკლებად ინფორმირებულობით სარგებლობა და მათი შეცდომაში შეყვანა!!!!”_ წერს მალხაზ ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში.
ამას გარდა, პოლიტიკოსი კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ინფორმაცია, რომელიც “ორბი ჯგუფმა” სასტუმრო კომპლექსის სიმაღლის შესახებ მედიას მიაწოდა არასწორია და 12 მეტრის ნაცვლად, დამტკიცებულ პროექტში სასტუმრო კომპლექსის მაქსიმალურ სიმაღლედ 19 მეტრი წერია. ( პრესრელიზში, რომელიც პრესკონფერენციაზე გავრცელდა, წერია, რომ სასტუმრო კომპლექსის მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრს არ აღემატება).
“ბახმარო თემა!
გურია NEWS-ის ვებგვერდზე 28 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში “ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს:
“მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრს არ აღემატება.”
ეს არ არის სიმართლე!
დამტკიცებულ პროექტში საპროექტო სიმაღლედ წერია 19.0 მეტრი.
ახლა ორი ვარიანტიდან ერთ-ერთია: ან მე არ ვიცი ახალი მათემატიკა და 19 ნაკლებია 12-ზე ან ბატონი გენერალური დირექტორი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას.
უბრალოდ მაინტერესებს, რატომ ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში ვერ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც მათ ნათქვამს გადაამოწმებს!”
ინფორმაციისთვის, 27 თებერვალს “ორბი ჯგუფმა” პრესკონფერენცია გამართა, რომლის მიზანიც, ორბი ჯგუფის დირექტორის, ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის აშენების ირგვლივ გავრცელებული არაერთგვაროვანი და არასწორი ინფორმაციების გაქარწყლება და საზოგადოებისთვის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.