26 თებერვლიდან დაიწყო და 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის, სადაც ასპარეზობდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჭიდაო კლუბ ,,ფალავანის” მოჭიდავეთა ნაკრები გუნდი ( კლუბის დირექტორი ვეფხია სტურუა).
გორის ჩემპიონატი სამტრედიელი ფალავნებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთარ ადეიშვილმა 4 შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონობაც არავის დაუთმო. მან ფინალში, ანგარიშით 5:0, საგარეჯოელი თორნიკე თულაშვილი დაამარცხა.
86 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამტრედიელმა თამაზ ნიკოლეიშვილმაც 4- ვე შეხვედრა მოიგო და ფინალში, ანგარიშით 4:3, ქუთაისელი დავით კოღუაშვილი დაამარცხა.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მურმან იობაძემ 3 შეხვედრა მოიგო, ერთი დათმო და მე-3 ადგილსაც დასჯერდა. ორივე ჩემპიონი, ოთარ ადეიშვილი და თამაზ ნიკოლეიშვილი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების, ძმები ვეფხია და ლაშა სტურუების აღზრდილები არიან, ხოლო მურმან იობაძე ასევე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების, ბიძინა მელაშვილისა და ზაზა არქანიას აღზრდილია.
,, ვინაიდან გორში გამართული საქართველოს ჩემპიონატი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების საგზურების მოსაპოვებელი სალიცენზიო ტურნირია, ამდენად, იქ ჩვენი სამტრედიელი ფალავნების გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ უდიდეს გამარჯვებას მივულოცავ ჩვენს სპორტსმენებს, მათ მშობლებს და სრულიად სამტრედიას.”- ,, გურია ნიუსთან” კომენტარში აღნიშნა კლუბ ,,ფალავანის” დირექტორმა, ვეფხია სტურუამ.
ავტორი