ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსი, ედიკ კვარაცხელია გუშინ ღამით დააკავეს.
ის ამდროისთვის სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ადვოკატი ჯერჯერობით, მის მოსანახულებლად არ შესულა.
თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, მოგვიანებით, გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
შეგახსნებთ, ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ყოფილი თანამშრომლები ერთმანეთს სოფელ მუხურში დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზად, კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება.