“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი და ტექნოლოგიური ინჟინერი ნანა დიხამინჯია მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა ჩამორჩენილია. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2″-ში სტუმრობისას აღნიშნა, ამ მხრივ უმაღლეს განათლებას შედარებით არაუშავს, რადგან უნივერსიტეტები დამოუკიდებლად ცდილობენ სასწავლო პროგრამებში შედარებით თანამედროვე და პოპულარული პროგრამების დანერგვას.
„ჩვენც, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამების მეცნიერებაში შედარებით ახალი საგნები გვაქვს ინტეგრირებული, მაგრამ ზოგადი განათლების სისტემით, რაც უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებამდე ერთგვარი საფუძველია, ძალიან ჩამოვრჩებით. ჩემი შვილი ამერიკაში, საჯარო სკოლაში სწავლობს და შემიძლია ვთქვა, რომ იქაური სისტემა რადიკალურად განსხვავდება თბილისის ყველაზე კარგი კერძო სკოლებისგანაც კი, და ეს ტექნოლოგიებს უკავშირდება. ეს არის ერთი მიმართულება, რაც ძალიან გვიჭირს. მეორე არის სამეცნიერო კვლევების მიმართულება – ისეთის, რომელიც ამ ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულების საფუძველია”, – განაცხადა ნანა დიხამინჯიამ.
მისივე თქმით, საჭიროა, გაძლიერდეს ინდუსტრიის და უნივერსიტეტების თანამშრომლობა და უნდა განვითარდეს თანამედროვე, ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემა, როგორიც არის “სილიკონის ველზე”, ან მიმსგავსებული მაინც.
„დღევანდელ პირობებში, ზოგადი განათლების სისტემა სრულიად შეჩერებულია. მაგალითად, დაწყებით კლასებში ასწავლიან ვიზუალური დაპროგრამების საწყისებს, რაც კარგია, მაგრამ ხშირად მასწავლებლებს საკმარისი რესურსები არ აქვთ, სამინისტრო მათ საკმარისი ტრენინგებით არ უზრუნველყოფს. ისინი თვითგანათლებით არიან დაკავებული. კარგია, რომ ბევრი ენთუზიასტი მასწავლებელი გვყავს, თუმცა საჭიროა სისტემური მიდგომა, და ეს უნდა გააკეთოს სამინისტრომ.
სამინისტრო არ აქვეყნებს ასევე დეტალურ რიცხვებს, მაგრამ ჩემი შეფასებით, სკოლების ნახევარზე მეტს არ აქვს გამართული კომპიუტერული კლასი. რაც პირადად მინახავს უამრავ სკოლაში, ერთ-ორ საკლასო ოთახში არის ხოლმე პროექტორი. ანუ, ტექნოლოგიურად სრულიად გაუმართავი სასწავლო სისტემა გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დღეს არსებობს, ჩვენ საერთოდ მოწყვეტილი ვართ და ვერ ვსარგებლობთ. ეს ყველაფერი დაგვეხმარებოდა იმაში, რომ ბავშვებს სწრაფად მიეღოთ ხარისხიანი ცოდნა და ეს მომხდარიყო დიფერენცირებულად“, – თქვა ნანა დიხამინჯიამ.
წყარო: bm.ge