გასულ კვირას, ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რომლითაც ავტობანიდან ამომავალი გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება, მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ მკვეთრ მოსახვევში ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საფეხმავლო ბილიკზე გადავიდა და ამოტრიალდა. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საგულისხმოა, რომ აქ მომხდარი ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევებიდან გამომდინარე, წლებია გზის ეს მონაკვეთი ადგილობრივი მოსახლეობის მთავარ პრობლემად იქცა. მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ ავტობანიდან ამოსასვლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უმეტეს, რომ ამ გზის მიმდებარედ სკოლა და სამედიცინო დაწესებულება მდებარეობს.
“ძალიან შეუფერებელი ადგილია ავტობანის გზისთვის. არასწორადაა ადგილი შერჩეული და იმიტომაც ხდება ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა გზის ამ მონაკვეთზე. ეს უკვე მერამდენე ავარიაა და სანამ მართლა საშინელება არ მოხდება, მანამ არავინ მიაქცევს ყურადღებას?!გახსნის დღიდან არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ზოგი მანქანა ისე დაიმტვრა, ჯართში ჩასაბარებლად თუ გამოდგება.
ვის მოაფიქრდა ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას გაეკეთებინა ეს?! ქალაქიდან უნდა გასულიყვნენ და შემდეგ ამოეყვანათ ეს გზა. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, მაგრამ ეს პრობლემა დროზე უნდა მოგვარდეს. სკოლასთან ახლოს ეს შეიძლებოდა, ან კლინიკასთან, სადაც სულ სასწრაფო დახმარების მანქანები მოძრაობს?! შვილებს გულის კანკალით ვუშვებთ სკოლაში”, _ ამბობს ფაქტით შეწუხებული მოსახლეობა.
მომხდარს ფეისბუქზე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი კახა ასკურავაც ეხმაურება:
“რამდენჯერ დავწერე ამ საგანგაშო პრობლემაზე, აღარც ვიცი. ეს ის ავტობანია, რომელიც 2016 წელს უნდა გახსნილიყო ივანიშვილის პარტიის დაპირებით. რა ხდება დღეს? მთელი აღმოსავლეთიდან აჭარის მიმართულებით მომავალი ნაკადი ამოდის ამ ქუჩით, სადაც ახლა ეს შემთხვევა მოხდა და პირდაპირ ქალაქის ცენტრში იყრის თავს, სადაც ყველაზე დიდი კონტიგენტის პირველი საჯარო სკოლაა, გვერდით მედალფას კლინიკა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ხდება რეალურად?!
ეს იმ კორუფციული სქემების და იმ მილიონობით ლარის ჯიბეში ჩადების დამსახურებაა, რომელიც ივანიშვილის პარტიას ყველაზე მაგრად გამოსდის და ამ დროს ამ კორუფციულ სქემებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება”, _ წერს ასკურავა.
მოკლედ, პრობლემა მართლაც არახალია და ავტობანის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის გახსნის დღიდან აქ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, არაერთხელ გამხდარა მოსახლეობის გულისწყრომის ობიექტი, რაზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან ყოველ ჯერზე იყო პასუხი, რომ “მომატებული ავტოსაგზაო შემთხვევები პირდაპირ კავშირშია გაუმჯობესებულ გზის საფართან, ამიტომ მათი თავიდან აცილებისთვის საჭიროა ყველა დაემორჩილოს დაწესებულ საგზაო წესებს. თუკი მოსახვევში არ შემოვლენ გადამეტებული სიჩქარით და დადგენილ წესებს დაემორჩილებიან, ავარიის შემთხვევებიც არ იქნება”.
ჰოდა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, მოსახლეობის სიმშვიდის ერთადერთ გარანტად ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტად მიჩნეული გვიმბალაური-ხაჯალიის მონაკვეთის გახსნა რჩება, რაც სატრანსპორტო ნაკადს ქალაქს ააშორებს და გამტარუნარიანობის გაზრდა შეუფერხებელი სატრანსპორტო მიმოსვლასაც უზრუნველყოფს.
საქმე ისაა, რომ ავტობანის ამ მონაკვეთის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე შეჩერდა, ვინაიდან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა. როგორც ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კომპანია “ტოდინს” “ასეული მილიონის ოდენობით თანხას შეედავა. დავა ეხებოდა კომპანია “ტოდინთან” იმ ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე იყო გაფორმებული.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობის განახლების თაობაზე განცხადება 2022 წლის სექტემბრის ბოლოს გაავრცელა.:
“ხელშეკრულება გაფორმდა და მას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის “Hunan Road & Bridge Construction Group Co Ltd”-ის წარმომადგენელმა, ვინსენტ მა-ჯინმა მოაწერეს.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.
სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობის პროექტის გახორციელების ვადა 2 წელია და სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 324.6 მლნ. ლარს შეადგენს”, _ აღნიშნული იყო უწყების მიერ მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღევანდელი მდგომარეობით, სამტრედია-გრიგოლეთის აღნიშნული მონაკვეთის ოთხი ლოტიდან, მხოლოდ ორია დასრულებული (მეორე და მეოთხე ლოტები) და ისიც უამრავი ხარვეზითა და პროექტში შესული დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით. 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, აღნიშნული გზის მონაკვეთის ბიუჯეტი უკვე 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადა კიდევ სამი წლით გადაიწია. 2020 წლის ბიუჯეტით კი, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის, ჯამში, 812 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, დასახელებული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის, ჯამურად, 902 640 700 ლარი იყო გათვალისწინებული.
ცნობისთვის, 2016 წლის თებერვალში, რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ “2020 წელს შევძლებთ დავასრულოთ მთელი ავტობანი სარფიდან დაწყებული სადახლოს და წითელი ხიდის ჩათვლით. ასევე, კახეთის გავლით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზაც”.
თავადაც ხედავთ ეს პროგნოზი როგორ გამართლდა და კიდევ რამდენი წელი დასჭირდება ამ ყველაფრის შესრულებას, ამასაც ვერ იტყვის ადამიანი მიახლოებითაც კი. ამბობენ, რომ გვიმბალაური–ხაჯალიის მონაკვეთი მომავალი წლის ბოლოს იქნება დასრულებული და ეს თუ ასე მოხდა, ლანჩხუთის ცენტრიც არ იქნება ასე გადატვირთული. ჰოდა, მოთმინების გარდა რა დაგვრჩენია, თუმცა რიონის ხიდის ჩანგრევის შემდეგ, ღმერთმა უწყის რა პრობლემა შეიძლება “გამოხტეს” ამ ლოტზე და საერთოდაც _ როცა საქმე ავტობანის მშენებლობასთან გვაქვს, პროგნოზის გაკეთება ფრიად უმადური საქმეა.
ავტორი