ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი საგასტროლო ტურნეთი ბათუმს ეწვევა. ამ ეტაპზე ოზურგეთის თეატრის დასი ორი სპექტაკლით _ „ექვთიმეთი“ და „ცის კარით“ წარდგება მაყურებლის წინაშე.
ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ საგასტროლო ტურნეს შესახებ ისაუბრა მედიის წარმომადგენლებთან.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დედაქალაქის, თელავის და გორის შემდეგ, საგასტროლო ტურნეს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ბათუმში მართავს, სადაც წარმოადგენს ტრილოგიის მესამე ნაწილს ,,ექვთიმე“ და ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილ სპექტაკლს ,,ცის კარი“ .
„საგასტროლო ტურნე 23 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით ბათუმში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც პირველი სპექტაკლი ტრილოგიის მესამე ნაწილი ,,ექვთიმე“, 24 მარტს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 19:00 საათზე იქნება წარმოდგენილი, ხოლო 25 მარტს საგასტროლო ტურნე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში დასრულდება, სადაც 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი ,, ცის კარი“ . საგასტროლო ტურნე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.“ – თქვა ვასილ ჩიგოგიძემ.
მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია „ექვთიმე“ მესამე ნაწილია ტრილოგიისა (ტრილოგიის პირველი ნაწილია „გურიის დედოფალი“, მეორე ნაწილი – ,,რესპუბლიკა გურია“) რომელშიც წარმოდგენილია ფართო საზოგადოებისთვის ბევრი დღემდე უცნობი დეტალი, აცოცხლებს გურიის ბოლო ორას წლოვან ისტორიას, წმიდა ექვთიმეს, როგორც საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის, საქართველოს დიდი დიაპაზონის მკვლევარის შესახებ მნიშვნელოვან მოვლენებს. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პირველი ქართული თეატრია, რომელმაც წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ სპექტაკლი განახორციელა. აღნიშნულის იდეის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ხოლო სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი – გოჩა კაპანაძე გახლავთ.
რაც შეეხება სპექტაკლს ,,ცის კარი“ (ნოდარ დუმბაძე), მისი განსაკუთრებული, ახლებური ფორმატი, თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზი, თამაშის მანერისა და გადაწყვეტის ექსპერიმენტული ხერხი ახალი სიტყვაა არა მხოლოდ ქართულ, არამედ ზოგად თეატრალურ სივრცეშიც. სპექტაკლი გვიყვება ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ჩანაწერებზე დაყრდნობით. ,,ცის კარი“ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია, რომლის მსოფლიო პრემიერა პორტუგალიაში, ქ. ბრაგაშიც შედგა.
პრესკონფერენცია ასევე ცნობილი გახდა, რომ 27 მარტს ი.ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შედგება ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის 100 წლისთავის საიუბილეო საღამოს დამდგმელი რეჟისორი იქნება ვასილ ჩიგოგიძე.
ამ საღამოს გამართვის იდეის ავტორი ვასილ ჩიგოგიძეა, თანარეჟისორი და ინსცენირების ავტორი კი, რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი გახლავთ. საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იქნება.