დღეს, ქუთაისში, საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები, U 17 ქუთაისში მიმდინარე ელიტრაუნდის მესამე ტურში , შენგელია არენაზე, დანიის შესაბამისი ასაკის და ჯგუფის გუნდს ხვდება. მატჩი საღამოს ხუთ საათზე იწყება.
ეს თამაში განსაკუთრებით საინტერესო და ემოციურია, რადგან მოგების შემთხვვაში საქართველოს ნაკრები U17 გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც კვიპროსზე, მაისში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები U17-ის წევრი, 17 წლის ნიკა სურგულაძე ჭანიეთელია. თბილისში ცხოვრობს, თუმცა ბავშვობიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამა 7 წლისას გარდაეცვალა, დედის მეცადინეობით, დიდ დროს ბებია-ბაბუასთან ატარებს და უსაზღვროდ უყვარს ოზურგეთი, მშობლიური ჭანიეთი.
7 წლისამ დაიწყო თამაში საფხბურთო კლუბში „საბურთალო“. პატარაობიდანვე იყო საქართველოს ჩემპიონატში მეორე და მესამე ადგილოსანი, საქართველოს თასის მფლობელი. ასევე ბენდელას თასის მფლობელი. ერთხელ, გარკვეული დროის მანძილზე მეკარედაც მოუწია თამაში და საუკეთესო მეკარის პრიზიც მიიღო. იყო საბურთალო U16-ის კაპიტანი.
საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ნიკა სურგულაძე პირველად, ორი წლის წინ, 15 წლის ასაკში გამოიძახეს. შემდეგ ითამაშა 16 წლიანებში (U 16). ამჯერად კი U 17-ში თამაშობს.
ნიკა სურგულაძე დიდ ფეხბურთზე ოცნებობს და იმდენად მიზანსწრაფულია ამ გზაზე, პატარაობიდნვე ნაბიჯ-ნაბიჯ მდგრადი გამარჯვებებით მიიწევს წინ.
საკუთარი გამარჯვებების მიღწევაში ყველაზე ძალიან დედას და ოჯახის წევრებს, დიდ სამეგობროს უმადლის.
საუბარში სიტყვაძუნწია. მხოლოდ საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში მიიჩნევს თავს გამარჯვებულად, როგორი პირადი წვლილი და დამსახურებაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ თამაშში.
„დღეს ნიკა სურგულაძეს ჭანიეთიდან ვგულშემატკივრობთ. გვსურს გამარჯვებულ თანაგუნდელებთან ერთად ვიხილოთ“, _ ამბობენ აქ ნიკას თანატოლები, უფროსი თუ უმცროსი მეგობრები, რომლებიც უახლოეს მომავალში ძალზე პერსპექტიული მოთამაშისგან დიდ გამარჯვებებს ელიან.
დიდია სურვილი, რომ დღეს, თბილისის და ქუთაისის სტადიონებზე, მთელ ქვეყანაში, საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივართა გამარჯვების კიჟინა გაისმას!
დღეს, საქართველო, როგორც არასდროს ამ ბოლო წლების მანძილზე, ანთებული თვალებით და გულით ადევნებს თვალს პრესტიჟულ თამაშებს.
მხოლოდ გამარჯვება და კვლავ გამარჯვება ვუსურვოთ უფროსი და უმცროსი თაობის ფეხბურთელებს.
ავტორი