შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო. როგორც “რუსთავი 2”-ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
“ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”, – ამბობენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში სავარაუდოდ, ოჯახის დაყაჩაღების მცდელობა მკვლელობით და დაჭრით დასრულდა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მოკლეს ცოლი, ქმარი მძიმედ დაჭრეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მეზობლების თქმით, “ქალი თავდამსხმელებმა თოკით გაგუდეს, კაცს კი დანა ჩაარტყეს. სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს ეძინათ, სახლში უცნობი პირების შეჭრის შემდეგ კი ხმაურზე გაეღვიძათ და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს”.
მოკლული საშუალო ასაკის ქალია, რომელიც არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან.
მეზობლების ცნობით, დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
რუსთავი2