ქალაქ ოზურგეთში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით და ინიციატივით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტების საყოველთაო–სახალხო განხილვა მოეწყო.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას, რომელიც ამ პროექტს მხარს უჭერს.
ჩვენი საუბარი ძირითადად „გამჭვირვალობის პროექტს“ ეხებოდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის 83 წევრმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ფრიდონ ინჯია: _ ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს ასეთი კანონი და პირველ რიგში ეს არის ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთმაც მიიღო. ეს ქვეყნები მსგავსი კანონით თავს იცავენ. როდესაც სხვა ქვეყნიდან შემოდის ფული, ქვეყანამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის _ ეს აუცილებელია მდგრადობისთვის და სტაბილურობისთვის.
საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებული და ჩუმად შემოსული ფულით აქ გადატრიალება არ უნდა მზადდებოდეს.
_ ახლა რატომ გახდა ეს საკითხი პრობლემური?
_ ეს პრობლემა სულ არის. თუმცა, ახლა უკვე ყელში ამოუვიდა ხელისუფლებას და მიხვდა, რომ სხვას უნდა ჩვენი ქვეყნის მართვა. არამეგობრული ქვეყნების წარმომადგენლებს სურთ, საქართველოში მართონ ყველაფერი.
_ არამეგობრულ ქვეყნებში ვინ იგულისხმება?
_ მე ვთქვი, არამეგობრული ქვეყნების გარკვეულმა წარმომადგენლებმა.
_ კონკრეტულად?
_ სოროსი.
_ ანუ ამერიკა.
_ რას ჰქვია ამერიკა?! სოროსი, იუსაიდი (ნებისმიერ ადამიან შეუძლია აღნიშნულ ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე ნახონ, რა თანხებია გამოყოფილი სხვადასხვა პროექტების გახორციელებისთვის. ავტ) აფინანსებდნენ სოფლის მეურნეობას და, ასევე, როგორ უნდა შეცვალო ხელისუფლება, რომელიც ხალხის უმრავლესობამ აირჩია.
მე ვარ ოპოზიციონერი და ვეუბნები ხელისუფლებას, რას აკეთებენ არასწორად. უფრო მეტიც _ ვეუბნები მათ, როგორ გამოასწორონ სიტუაცია. მე ჩასაფრებულ პოზიციაში არა ვარ, თუმცა, ძალიან ბევრ მწარე რაღაცეებს ვეუბნები მაგათ, ერთ–ერთზე ვეუბნები _ რას შვრებით, თუ გინდათ ხალხი გენდოთ, მოდით გონზე.
_ რა აზრის ხართ დღევანდელ ხელისუფლებაზე?
_ არის იქ არის ბევრი რამ, რომელიც არ არის მოსაწონი. მოსაწონია დამნაშავეები რომ დღემდე არ არიან დაკავებულები, თაროზე რომ არის შემოდებული წინა ხელისუფლების არა ერთი საქმე… მათ უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, რომლებიც ბოლომდე არ არის გამოძიებული.
_ კონკრეტულად რომელ საქმეებზე საუბრობთ?
_ მე რომ ვთქვა კონკრეტულ საქმეზე, რომ ეს დანაშაულია, ხელთ უნდა მქონდეს დასრულებული გამოძიების მასალები. არის რეზონანსული საქმეები, რომლებზედაც დღემდე ბოლომდე არ არის გაცემული პასუხები.
ფრიდონ ინჯიას თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბოევიკებს ამზადებდნენ:
_ USAID-ის დაფინანსებით, კონკრეტულ ჯგუფები ასწავლიდნენ ადამიანებს, როგორ დაშალონ, ააწყონ იარაღი და ეს იარაღი იხმარონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ… _ გვითრა ფრიდონ ინჯიამ, რომელსაც ამ ბრალდებების დამადასტურებელი კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებია და არც უდანაშაულობის პრეზუმფცია გახსენებია.
ინტერვიუს შემდეგ ფრიდონ ინჯიამ თეატრის სცენიდან შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:
„იმ შეტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ნამდვილად დროულია საკანონმდებლო ცვლილებები.
მე ერთ–ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ, როდესაც რამე მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მაშინ მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა _ მე მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს.
მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების“ ნაცვლად ჩავწერდი „ქართულ ღირებულებებს“. ქართულ ღირებულებებში შედის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, სარწმუნოება, ენა და მათ შორის ოჯახიც. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები“.
ავტორი