თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ჩართულობით, რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის მარშრუტები დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება, რათა მათ საავტობუსო ზოლებში მოძრაობა შეძლონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, საუბარია მოსწავლეების რეგულარული ტრანსპორტირების მიზნით, M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
„თბილისის მერიის ინიციატივითა და დედაქალაქის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლითაც სკოლის ავტობუსებს – M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ შესაძლებლობა, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ. ჩვენ უკვე მოვუწოდეთ სკოლებს, რომელთაც აქვთ სურვილი, აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ. შემოსულია რამდენიმე სკოლიდან წერილი. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ჩართულობით, ამ ყველაფერს საკრებულოში გადავაგზავნით, შემდეგ კი ამ სასკოლო ავტობუსებზე კონკრეტული მითითებები გაიცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დადგენილია კონკრეტული მოთხოვნები, რაც სკოლებმა საავტობუსო ზოლში გადაადგილებისთვის უნდა გაითვალისწინონ.
„აღნიშნული მარშრუტები მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებს, სადაც, დამტკიცების შემდეგ, სასკოლო ავტობუსები გადაადგილდებიან ყოველდღიურად, გარდა უქმე დღეებისა და შაბათ-კვირისა. სასკოლო ტრანსპორტი უნდა გაჩერდეს მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე. ამასთან, გაჩერების დრო არ უნდა აღემატებოდეს ერთ წუთს. მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის განსაზღვრული დროა 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00-დან 18:00 საათამდე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.